ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო კვორუმის პრობლემის წინაშე დადგა

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი. 2021 წლის 3 დეკემბერი

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც 35-დან 32 წევრი ესწრებოდა, დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში შეწყდა. „ნაციონალური მოძრაობის“ და "ლელოს" წევრებმა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მიზეზი ის იყო, რომ სხდომის წამყვანმა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ნერიმან ცინცაძემ განცხადებით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა საკრებულოს წევრს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაზი ფუტკარაძეს, რომელიც მისი ძმის, ბათუმის საკრებულოს წევრად არჩეული, ნოემბერში გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზად ასახელებს „ქართული ოცნების“ ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია, რომელმაც ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, ცდილობდა ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას, რათა მას „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა და ფორმალურად, მუშაობა გაეგრძელებინა საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად. „ქართულ ოცნებაში" ამას უარყოფენ.

ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობა" მისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას არ ესწრებოდა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის" ორი წევრი. "ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" წარმომადგენლების დარბაზიდან გასვლის შემდეგ, სხდომაზე აღარ დარჩა მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო დეპუტატების რაოდენობა.

"ქართული ოცნებას" ბათუმის საკრებულოში 16 მანდატი აქვს. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა პარტიიდან "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეული ირაკლი თავდგირიძეც, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებს შემდეგ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თუმცა, სხდომაზე 17 წევრის დასწრება მუშაობის გასაგრძელებლად საკმარისი არ იყო, რადგან კვორუმისთვის საჭიროა სულ მცირე 18 დეპუტატის მონაწილეობა. კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელია რაიმე საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებდა. პარტიის წევრის, ირაკლი მიქელაძის თანახმად, რამდენიმე ხნის წინ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზეს, რომ ისინი შეთანხმებულიყვნენ საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების კანდიდატურებზე, რომლებსაც „საქართველოსთვის“ მხარს დაუჭერდა, თუმცა, არცერთი პარტიისგან პასუხი არ მიუღიათ.

"ამის შემდეგ, გადავდგით კიდევ ერთი რაციონალური ნაბიჯი და შევთავაზეთ, რომ მზად ვიყავით ყველა ასეთ მუნიციპალიტეტში დაგვესახელებინა ჩვენი კანდიდატები, რათა გაგვემარტივებინა მათთვის გადაწყვეტილების მიღება. ეს მოხდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებოდნენ მოადგილეები და დაგვეხმარებოდნენ ბალანსის დაცვაში. სამწუხაროდ, ამ მეორე შემთხვევაშიც არ აღმოაჩნდათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ“, - განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, ბალანსის დასაცავად ბერკეტის გამოყენებას არ წყვეტენ, თუმცა, არცერთი პარტიის სცენარში მონაწილეობას არ აპირებენ და საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრებიან.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის შეწყვეტის შემდეგ, "ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო, ბათუმის საკრებულო ლეგიტიმური ვერ იქნება, ამიტომ არცერთ სხდომაზე კვორუმი არ შედგება: "ეს არის ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება და მივყვებით ამ გზას. ბათუმის საკრებულო ან იქნება ოპოზიციური, ან მას არასოდეს ექნება კვორუმი". კუპრაძემ ხაზი გაუსვა კანონში არსებულ დათქმას, რომელიც ასეთ შემთხვევაში, ხელახალ არჩევნებს ითვალისწინებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით:

  • თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად;
  • თუ გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

  • მას შემდეგ, რაც ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა, ექსპრემიერ გახარიას პოლიტიკურ ორგანიზაციას ბათუმის საკრებულოში 2 წევრი დარჩა;
  • მაჟორიტარული წესით "ნაციონალური მოძრაობიდან" არჩეული ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, რომლის ადგილმონაცვლის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, ბათუმის საკრებულოში 34 წევრია.