კულტურის სამინისტრო თანამშრომელთა ახალი ტესტირებისთვის ემზადება? - რა ვიცით

კულტურის სამინისტრო მოქმედი და მომავალი თანამშრომლებისთვის ტესტირებას ატარებს, პროცესი არც საჯაროა და არც გამჭვირვალე.  

კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ახალი მინისტრის ინიციატივით ქართულ და ინგლისურ ენებში, ზოგად უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებში გამოცდები 2021 წლის გაზაფხულზე, კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროდან გამოყოფის შემდეგ, მალევე ჩააბარეს.

ინფორმაცია მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი, თანამშრომლები ამ თემაზე ღიად არ საუბრობდნენ. ძნელი სათქმელია, რა შედეგი მოჰყვა ამ ტესტირებას - რამდენმა ჩააბარა წარმატებით, რა შეიცვალა მათთვის, ვინც შეძლო კარგი შედეგების ჩვენება, ან რამდენი იყო ასეთი. შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გაზაფხულზე ჩატარებული გამოცდებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ იძებნება, შესაბამისად, არც ის ვიცით, სამინისტრომ ვის და რა ფასად დაუკვეთა ეს მომსახურება და სულ რამდენმა თანამშრომელმა ჩააბარა ტესტები.

შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ჩანს მხოლოდ ერთი, ოქტომბერში ჩატარებული ტენდერის პირობები, საიდანაც ვიგებთ, რომ სამინისტრომ თანამშრომელთა ტესტირებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრთან 8 780 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გააფორმა. ამჯერად ვის უტარებს მინისტრი გამოცდებს და რა მიზნით, ისევ ბუნდოვანია. სამინისტროში ამბობენ, რომ 2021 წლის მიწურულს ტესტირებას ისინი გაივლიან, ვინც ახალ ვაკანსიებზე შეიტანს განაცხადს.

„ტესტირება განკუთვნილია გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში ახალი თანამშრომლების მისაღებად, სამინისტრო ახალი შექმნილია და ახალი თანამშრომლებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებშია ჩადებული, რომ ტესტირება ჩაუტარდებათ. მოქმედმა თანამშრომლებმა გაიარეს უკვე გამოცდები, მაგრამ არა ამ შესყიდვის ფარგლებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნონა ფერაძემ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებში არსებული ვაკანსიების შესავსებად გამოცხადებული კონკურსები ტარდება დამსახურების, კანონიერების, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, ღიაობისა და კანონით აღიარებული სხვა პრინციპების საფუძველზე. არსებობს საჯარო სამსახურში დასაქმების პორტალიც, www.hr.gov.ge, რომელზეც უნდა განთავსდეს საჯარო უწყებების მიერ გამოცხადებული ყველა ვაკანსია. ამ საიტზე ამ დროისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული არცერთი ვაკანსია არ იძებნება. ვაკანსიები უწყებას არც სამსახურების საძიებელ პოპულარულ სისტემაზე, jobs.ge-ზე აქვს გამოცხადებული. სამინისტროს არსებობის მეცხრე თვეს კვლავ არ აქვს საიტი და საკომუნიკაციო არხად მხოლოდ ფეისბუკის გვერდს იყენებს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ერთეული ვაკანსიაა გამოქვეყნებული.

ასევე ნახეთ ხელოვნების მუზეუმი პროტესტის ნიშნად დატოვა დირექტორის თანაშემწემ

არც გაზაფხულზე, როცა მოქმედი თანამშრომლები ტესტირებას გადიოდნენ და არც ახლა, როცა სამინისტრო ტესტირების ახალ ეტაპს ამზადებს, არ განუმარტავთ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი, არც ის არის დაუკონკრეტებიათ, ტესტირება ნებაყოფლობითი იყო თუ სავალდებულო.

თანამშრომლები, რომლებმაც გაზაფხულზე გაიარეს ტესტირება, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მათ ეს სავალდებულოდ მიიჩნიეს, თუმცა ტესტირების შედეგები მათ კარიერულ წინსვლაზე არ ასახულა - ტესტირების შედეგების შესაბამისად არც ვინმეს დაუკარგავს სამსახური, მაგრამ ეს არც დაწინაურების ან ანაზღაურების ზრდის საფუძველი გამხდარა. არც ის ყოფილა განმარტებული, დაიგეგმებოდა თუ არა, მაგალითად, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ან სხვა ტიპის წვრთნები და სწავლებები მათთვის, ვისაც ცუდი შედეგები ჰქონდა.

„ჩვენ ასეთი გამოცდა [მანამდე] არასოდეს ჩაგვიბარებია, არც მაშინ, როცა სამინისტრო ცალკე არსებობდა და არც მერე, როცა განათლების სამინისტროს ნაწილი გახდა. აღმოჩნდა, რომ მაგალითად სხვა სტრუქტურებში, იგივე იუსტიციის სამინისტროში ამ პრაქტიკას სისტემატური ხასიათი ჰქონდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც გამოცდებზე საკმაოდ მაღალი შედეგები მიიღო და შემდეგ სამსახური დატოვა.

ის, რომ გამოცდები მოქმედმა თანამშრომლებმა უკვე ჩააბარეს, დაგვიდასტურეს სამინისტროს ეკონომიკური სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. თუმცა, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არ გვიკონკრეტებს, რამდენმა თანამშრომელმა ჩააბარა ტესტი ან რის მიხედვით ირჩევიან კადრები, ვისთვისაც ტესტირება სამსახურში დარჩენისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახური სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებს არ პასუხობს, უწყება უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზეც - შესაბამისად, სამინისტროს საშტატო ნუსხა და იქ დასაქმებულ პირთა შესახებ მონაცემები დახურულია, თუმცა წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს შტატიან თანამშრომელთა რიცხვი დაახლოებით 100-150 უნდა იყოს. 2011-16 წლებში, სანამ კულტურის სამინისტრო დამოუკიდებლად არსებობდა და განათლების სამინისტროს ნაწილი გახდებოდა, იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობა 99-დან 131-მდე მერყეობდა.

კულტურის სამინისტროს მიერ 20 ოქტომბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან გაფორმებული 8 780 ლარის ხელშეკრულებიდან ირკვევა ის, რომ სამინისტროს სურს, თანამშრომლებს ტესტები ამ ცენტრში ჩაუტაროს იმის დასადგენად, რამდენად კარგად ფლობენ უწყებაში დასაქმებულები ქართულ და ინგლისურ ენებს, ასევე, როგორ აქვთ განვითარებული ზოგადი უნარები და პროფესიული კომპეტენციები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე დარჩენილ ერთ თვეში პროფესიული ტესტები ინგლისურში 50 ადამიანისთვის უნდა მომზადდეს, ქართული ენის ცოდნასა და ზოგად უნარებს 275 პირს შეუმოწმებენ.

ასევე ნახეთ კულტურის მინისტრი: მეუბნებიან, შენ ესენი [კულტურის მუშაკები] პატიმრები არ გეგონოს, უფრო რთული ხალხია

ტესტები, რომელსაც კულტურის სამინისტროს მოქმედი და/ან მომავალი თანამშრომლები ჩააბარებენ, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უნდა შეადგინოს სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად - სპეციალისტების ვინაობას, ვინც ტესტებს ადგენს, ცენტრი არ ამხელს.

„იუსტიციის სასწავლო ცენტრს აქვს სტრუქტურული ერთეული, ტესტის შექმნის სამსახური და გვაქვს ასევე ბაზა ტესტების, საიდან იქნება სავარაუდოდ სამინისტროსთვის შედგენილი ტესტებში კითხვების ნაწილი, ასევე ვთანამშრომლობთ სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და მათი ვინაობა არათუ საზოგადოებისთვის, დამკვეთისთვისაც საიდუმლოა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ცენტრს კულტურის სამინისტროს გარდა სხვა კერძო და სახელმწიფო უწყებებიც მიმართავენ:

„კერძო კომპანიებსაც ვემსახურებით, 6 სახელმწიფო უწყების ტენდერი გვაქვს გასულ წელს მოგებული - მათ თანამშრომლებს ვუტარებთ გამოცდებს. მოქმედ თანამშრომლებსაც ვუტარებთ და კონკურსში მონაწილეებსაც, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ჩავუტარებთ გამოცდებს“, - გვითხრეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფინანსურ სამსახურში.

თუკი შესყიდვებს გადავავლებთ თვალს, სახელმწიფო უწყებების სრული უმრავლესობა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებია. იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება თავად სასწავლო ცენტრიც, რომელიც გამოცდებს უტარებს მოქმედ და მომავალ საჯარო მოხელეებს. იუსტიციის სამინისტროს კულტურის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი 2012 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე მართავდა.

მხოლოდ 2021 წელს, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო უწყებებს მილიონ ლარზე მეტი აქვთ გადახდილი ტესტირების მომსახურებაში.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო უწყებებში შესყიდული მომსახურება თანამშრომელთა ტესტირებისთვის

სტრუქტურა

თანხის რაოდენობა

შესყიდვის თარიღი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოცხადებული/გამოსაცხადებელი კონკურს(ებ)ის ფარგლებში კანდიდატებისთვის ზოგადი უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ტესტირების ჩატარება

28 000 ლარი

02.08.2021

იუსტიციის სახლი - თანამშრომლებისთვის პროფესიული ტესტირების ჩატარება

28 282 ლარი

11.08.2021

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილე პირებისათვის ტესტირების ჩატარება

19 900 ლარი

23.06.2021

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების ტესტირება ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში

34 996 ლარი

15.02.2021

ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირების ჩატარება

6 996 ლარი

05.02.2021