ბოლო ორი კვირაა ამბროლაურის ამცრელ პუნქტში პენსიონერების რაოდენობამ იმატა - მათ აცრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ მთავრობა პენსიაზე ერთჯერადად 200 ლარს დაუმატებდა, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდნენ.
ამბროლაურის საავადმყოფოს დირექტორი, ეკა მურუსიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მომართვიანობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით ორჯერ მაინც არის გაზრდილი.
„იმ დღეს სოფლიდან ცოლ-ქმარი იყო მოსული, პენსიონერები, აიცრნენ და მართლა უხაროდათ, რომ საახალწლოდ 400 ლარი დაემატათ“, - გვითხრა ეკა მურუსიძემ.
მისი თქმით, მიზნობრივ ჯგუფზე გათვლილმა ამ წამახალისებელმა ღონისძიებამ რაჭაში, რომლის სოფლებშიც ბევრი 60 წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს, იმუშავა და, სულ მცირე, იმის იმედი გააჩინა, რომ ხანდაზმული ადამიანები სტაციონარში ნაკლებად მოხვდებიან ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში.
ბოლო ინფორმაციით, 8 ნოემბრიდან, მთავრობის წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რომელიც 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისათვის აცრის შემთხვევაში 200-ლარიანი დანამატის მიღებას ითვალისწინებს, ვაქცინაცია ჩაიტარა უკვე 51 757-მა მოქალაქემ.
ასევე ნახეთ 1 იანვრამდე აცრის შემთხვევაში პენსიონერი 200 ლარს მიიღებსჯანდაცვის სამინისტროს მიერ რადიო თავისუფლებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 23-29 ნოემბრის პერიოდში სულ საქართველოში ჩატარებულია 59 199 აცრა.
წინა კვირასთან შედარებით აცრების რაოდენობა გაზრდილია 16,14%-ით.
რეგიონების მიხედვით, ბოლო კვირაში აცრების რაოდენობა ასე გამოიყურება:
აჭარაში 6890; გურიაში 2500; თბილისში 19 708, იმერეთში 8480; კახეთში 4529; მცხეთა-მთიანეთში 1180, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 654, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6082; სამცხრე-ჯავახეთში - 1567; ქვემო ქართლში - 4269; შიდა ქართლში - 3340.
თუ ამ ბოლო კვირის მონაცემებს შევადარებთ წახალისების/შეზღუდვის დაწყების პირველ კვირას, აცრების რაოდენობა 25,61%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება 1 დოზით აცრების მაჩვენებელს 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში:
- 9-დან 15 ნოემბრამდე აიცრა 13 083 ადამიანი.
- 16-22 ნოემბერის პერიოდში 1 დოზით აცრილია - 17 377 ადამიანი.
- 23-29 ნოემბრის მონაკვეთში - 21 297 ადამიანი.
სულ - 51 757 ადამიანი.
თუ ისევ ბოლო კვირის მაჩვენებელს შევადარებთ წახალისების/შეზღუდვის დაწყების პირველ კვირასთან, 7-დღიან მონაცემებზე დაყრდნობით, აცრები ამ ასაკობრივ ჯგუფში გაზრდილია 62,78%-ით.
აქედან, 34,74%-იანი ზრდაა აჭარაში, 69,70%-იანი გურიაში, 27,79-იანი თბილისში, 67,38%-იანი იმერეთში, 112,69%-იანი კახეთში, 68,94%-იანი მცხეთა-მთიანეთში, 42,13%-იანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 104,64%-იანი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, 101,25%-იანი სამცხე-ჯავახეთში, 89,95%-იანი ქვემო ქართლში, 100,89%-იანი შიდა ქართლში.
30 ნოემბრის მონაცემებით, სულ, საქართველოში ჩატარებულია 2 170 057 აცრა.
1 დოზით, სულ მცირე, ვაქცინირებულია 1 156 998 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 40.7%.
სრულად ვაქცინირებულია 998 613 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%.
29 ნოემბერს აიცრა 13 603 ადამიანი.
მთავრობის წამახალისებელი პროგრამით სარგებლობა და 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის მიღება 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირს, ვინც აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება. ფულად დანამატს კი ისინი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ მიიღებენ.