იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების პროცესს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საელჩო ეხება, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამად მოქმედი არასრული შემადგენლობა (კანონმდებლობით იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება, თუმცა ხუთ არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში ამოეწურა, მიუხედავად ამისა, პარლამენტს ახალი წევრები არ აურჩევია), რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა.
„ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია.
ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე", - ვკითხულობთ აშშ-ის განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნამდე, საელჩო მტკიცედ მოუწოდებს პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს სრულდება.
ასევე ნახეთ ნინო სანდოძე: სასამართლოში "კლანი" არც ადრე არსებობდა და არც ახლა არსებობს ასევე ნახეთ თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანის" ზეგავლენას ვერ ხედავს