Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანის" ზეგავლენას ვერ ხედავს


თამარ ოქროპირიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოსმენაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში, 25 ნოემბერი
თამარ ოქროპირიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოსმენაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში, 25 ნოემბერი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას „კლანის“ არსებობასთან დაკავშირებით და ამით ისინი თავს ესხმიან სასამართლო სისტემის ავტორიტეტს. მისი კრიტიკა ასევე უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს.

25 ნოემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის ფარგლებში, ამ საკითხზე ოქროპირიძემ უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ლევან იოსელიანის შეკითხვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლე აცხადებს, რომ პირადად მისი დამოუკიდებლობა არავის არასდროს შეუზღუდავს.

„საზოგადოებაში ხდება კონკრეტული მოსამართლეების თუ მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ჩვენ, მოსამართლეები, შევიკრიბეთ და გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება...

თუ ამბობს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ, თუნდაც, სასამართლო სისტემაში არის „კლანი“, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ეს გარემოება...

ანუ რას აკეთებს ეს გავლენიანი ჯგუფი?! რა მიზნები აქვს?!

როგორ შევაფასო, რომ სასამართლო სისტემაში არის "კლანი", როდესაც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა“, - განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.

თამარ ოქროპირიძე "კლანის" შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:40 0:00

ის, როგორც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, სრულად იზიარებს ამ კომიტეტის მიერ ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ განცახადებას.

განცხადების თანახმად, მოსამართლეები უპრისპირდებიან ევროკავშირისა და აშშ-ის საქართველოში მოქმედ საელჩოებს, მათ შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებული მწვავე კრიტიკის გამო.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ამ ფაქტს სასამართლო სისტემის მეხუთე „უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. აშშ-ის საელჩო კი, მიუთითებდა ნაჩქარევ დანიშვნებზე, „კონკურენციისა და გამჭვირვალობის“ გარეშე.

თამარ ოქროპირიძემ 25 ნოემბერს, საკომიტეტო მოსმენის დროს აღნიშნა, რომ მათი განცხადება არ იყო მიმართული დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ უარი თქვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობაზე, რადგან ამ პროცესს პრობლემურად მიიჩნევენ და გამოსავლად კვლავ „დაპაუზებას“ ხედავენ.

საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორი, უკვე თვეებია, დიდ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას, იმ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გარეშე, რომელზეც ლაპარაკია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ძალისხმევით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილ დოკუმენტს ივლისის მიწურულს ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“.

თამარ ოქროპირიძემ, რომელიც მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, 14 წუთში განიხილა 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული სამი ბრალდებულის საქმე და თითოეულს 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე აცხადებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელი იყო იმ პირობებში, როდესაც "პასუხისგებაში მიცემული პირი სადავოდ არ ხდის სამართალდარღვევას". მისი განმარტებით, აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო და "არ ყოფილა არცერთი შუამდგომლობა", რომელიც მან არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG