საქართველოს საჯარო რეესტრმა ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", წევრების მიერ დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შეაჩერა. რეესტრის გადაწყვეტილება 25 ნოემბრით თარიღდება და პროცესის შეჩერებას რამდენიმე პუნქტით ხსნის.
"ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას", - აღნიშნულია დახარვეზების შესახებ დოკუმენტაციაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით, „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან“.
"სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ", - დასძენენ საჯარო რეესტრში.
გარდა ამისა, რეესტრი პარტიის დამფუძნებლებს ახსენებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყვნენ წარედგინათ: არა ნაკლებ 1000 კაცის სია სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ", - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
დახარვეზების შესახებ დოკუმენტაციაში აღწერილია სხვა გარემოებებიც, რომლის გამოც პარტიის დარეგისტრირება კანონის ნორმებში არ ჯდება:
- სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს;
- წესდების ორი მუხლი ერთმანეთთან შეუსაბამოა.
ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას რეესტრმა უარი უთხრა რეგისტრაციაზე. მათ 10 დღის ვადა აქვთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა.
5 ივლისის ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორ "ალტ-ინფოს" ბაზაზე შექმნილი ახალი პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" სამოქმედო გეგმის ქვაკუთხედად რუსეთთან მოკავშირეობასა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირებას ასახელებს. 5 ივლისს ქუჩაში გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაზიანებები მიაყენეს. მათი ნაწილი, მათ შორის ორგანიზატორები, ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
პარტიის მიზნებად სახელდება საქართველოში "ლიბერალური დიქტატურის" დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნა. პარტიის ლიდერები 5 ივლისის მოვლენებით კვლავ ამაყობენ და აცხადებენ, რომ დაჭერის არ ეშინიათ.
ასევე ნახეთ
„მის აკრძალვას მოვითხოვთ“: შეძლებს „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად არსებობას? „ალტ-ინფოს“ პარტია მიზნებით რუსეთისკენ "მომზადება აუცილებელია" - რატომ ქმნის "ალტ-ინფოს" ჯგუფი პარტიას?5 ივლისიდან ორი თვის შემდეგ: ვინ და როდის აგებს პასუხს ჯგუფური ძალადობისთვის კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფო", უხამსობის ტირაჟირების მიუხედავად, არ დააჯარიმა - რატომ?