პოლიციამ ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე აქციებზე, რომლებზეც ამ ქალაქებში საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ, ჯამში 6 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებულები არიან:
- ბათუმში - 4 პირი;
- ზუგდიდში - 2 პირი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ "სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი".
დღეს, 26 ნოემბერს, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც 2017 წლის არჩევნებით უმრავლესობაში "ქართული ოცნება" იყო, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ოპოზიცია ამ პროცესს აპროტესტებდა, რადგან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებით, მოცემულობა შეიცვალა და აღნიშნულ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა "ქართულმა ოცნებამ". სწორედ ამიტომ მოითხოვდა ოპოზიცია ფინანსური დოკუმენტი ახლადარჩეულ დეპუტატებს დაემტკიცებინათ.
ასევე ნახეთ 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ასევე ნახეთ ზუგდიდის საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი26 ნოემბრის სხდომით ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პრაქტიკა ორივე ქალაქში შეიცვალა. გასულ წლებში საკრებულოები ბიუჯეტს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებდნენ.
ბათუმში წლების მიხედვით ასე მტკიცდებოდა ბიუჯეტი:
- 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 26 ნოემბერს;
- 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 21 დეკემბერს;
- 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2019 წლის 25 დეკემბერს;
- 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2018 წლის 27 დეკემბერს;
- 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2017 წლის 26 დეკემბერს;
- 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2016 წლის 29 დეკემბერს.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.
ზუგდიდში წლების მიხედვით ასე მტკიცდებოდა ბიუჯეტი:
- 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 26 ნოემბერს;
- 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 30 დეკემბერს;
- 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2019 წლის 30 დეკემბერს;
- 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2018 წლის 31 დეკემბერს;
- 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2017 წლის 28 დეკემბერს;
- 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2016 წლის 29 დეკემბერს.
2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45-წევრიან საკრებულოში 22 მანდატი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", 20 "ქართულმა ოცნებამ" და 3 ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის". მერის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ანზორ მელია.