ორი დღეა, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს ღამით აბამენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. მისი თქმით, სოფლის ერთ-ერთ მიწის ნაკვეთთან, სადაც ადრე ხნულები იყო გავლებული, ახლა მავთულხლართებს ამონტაჟებენ.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ეს მიწის ნაკვეთი დათა ვანიშვილის სახლის სიახლოვესაა და იქ საოკუპაციო ძალებს ღამით პროჟექტორები მიაქვთ და ამ პირობებში მუშაობენ. ახალი ღობეები სოფელ ხურვალეთში დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმაც დააფიქსირეს. მათ ფოტო და ვიდეომასალაც გადაიღეს.
მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, ჩასმულია ძელები და გავლებულია მავთულები, თუმცა სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის და შეუძლებელია იმის თქმა, საბოლოოდ რამდენ ჰექტარ მიწას მიიტაცებენ.
Your browser doesn’t support HTML5
სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ და უკვე დამონტაჟებულ ღობეებს ანახლებდნენ, ახლა კი ახალი ღობის მონტაჟი დაიწყეს.
განახლება
„ბორდერიზაციის" პროცესს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი სხვადასხვა ინტესივობით ხორციელდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის 12-23 ნოემბრის პერიოდში დაფიქსირდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოცემულ მონაკვეთზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული სიმწვავით დადგა ამ/წ 18 ნოემბერს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე (IPRM). უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს", - აღნიშნავს სუს-ი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ საკითხის შესახებ რამდენჯერმე გააქტიურდა „ცხელი ხაზი” და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრება.
ასევე ნახეთ დათა ვანიშვილის ანდერძი: „სახლი არ დატოვო“