Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ვანიშვილის ანდერძი: „სახლი არ დატოვო“


დათა ვანიშვილი
დათა ვანიშვილი

„სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიანო“, - ეს იყო დათა ვანიშვილის ბოლო სიტყვები, რომელიც ცოლს უთხრა. დათა პაპა 19 მარტს დილით გარდაიცვალა და ანდერძად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სახლის შენარჩუნება დაიბარა. მისმა ცოლმა, ვალია ბებომ, დათა პაპას სიტყვები ჟურნალისტებს გადასცა.

დათა ვანიშვილის ერთი შვილი მეზობელ სოფელშია გათხოვილი. საოკუპაციო ძალებმა ნანა ვანიშვილს დღეს ღობეებზე გადასვლისა და მამის დატირების უფლება მისცეს. ნანა ვანიშვილი ამბობს, რომ მამა ბოლო თვეებში ავადმყოფობდა და უკვე ლოგინიდანაც ვეღარ დგებოდა. მისი თქმით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაასაფლავებენ.

ვალია ბაბოს დღეს ოსებიც და ქართველებიც უსამძიმრებენ. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში დარჩენილი მეზობლები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სახლთან არ მიუშვეს, ამიტომ ისინი სამძიმრის სათქმელად მავთულხლართებთან მივიდნენ.

ყოველ აღდგომას მეზობლები დათა პაპასთან მავთულხლართებთან წითელი კვერცხებით და სანთლებით მიდიოდნენ და სთხოვდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავების საფლავებზე მისულიყო. შემდეგ მოხუცი ოკუპირებულ სასაფლაოზე მიდიოდა და ყველა მიცვალებულის ჭირისუფალი იყო.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გაუბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. უცხოელ დიპლომატებს ის მუდამ სთხოვდა, რომ სახლის წინ გავლებული მავთულხლართების აღებაში დახმარებოდნენ.

დათა ვანიშვილს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაურ პენსიას დაუნიშნავდნენ, მაგრამ ის ვერ ეგუებოდა ოკუპაციას, უარს არ ამბობდა საქართველოს მოქალაქეობაზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო რამდენჯერმე დაკავებულიც იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. პირველად ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ მოხუცი თავისას არ იშლიდა. ის მუდმივად გადმოდიოდა ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში საქართველოში გამართულ არჩევნებში ხმის მისაცემად. მავთულხლართებზე ხელებს იჭრიდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აჯარიმებდნენ, მაგრამ მაინც გადმოდიოდა.

88 წლის დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული ქვეყნების იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან მისულა. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები. დათა ვანიშვილის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს ხელისუფლება გაიღებს.

XS
SM
MD
LG