ევროპული პოლიტიკური (და მედია) დღის წესრიგის უმთავრესი თემა პანდემია და მისგან გამოწვეული დრამებია და ამაში მაშინვე დავრწმუნდი, რაც საბერძნეთის მიწაზე დავდგი ფეხი რამდენიმე დღის წინ.
კოვიდი და... ქვეყანა.
კოვიდი და... ეკონომიკა.
კოვიდი და... უსაფრთხოება.
კოვიდი და... დეპრესია.
კოვიდი და... ტურიზმი.
კოვიდი და... უგუნურ ადამიანთა გამოაშკარავება და მხილება (ჟურნალისტები, შეიძლება ითქვას, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ანტივაქსერული მითების გაბათილებით არიან დაკავებული).
კოვიდი და... განათლება.
კოვიდი და... გაუნათლებლობა (ჰოლანდიის თავშეკავებულმა პრემიერ-მინისტრმა აგერ, არც მეტი, არც ნაკლები, გაუნათლებელი იდიოტები უწოდა მებრძოლ ანტივაქსერებს - ამ იდიოტებს ქვეყანას ვერ გადავაყოლებო).
კოვიდი და... წესრიგი.
კოვიდი და... მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკა.
რადგან მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი ვირუსის გავრცელების საფრთხე და ადამიანთა სიკვდილია.
მაგრამ ეს დემოკრატიულ სამყაროში.
დიქტატორულ, ავტოკრატიულ და ოლიგარქთა მიერ მართულ ქვეყნებში კი უმთავრესი ძალაუფლებაა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და თუ საჭიროა, ადამიანთა კვლაც კი ძალაუფლების გამო...
რადგან იქ, სადაც პოლიტიკას აუქმებენ, დიდად აღარც ადამიანებია საჭირო. ძალაუფლების აბსოლუტური ინსტინქტი ყველა სხვა ინსტინქტს ანაცვლებს.
განა ჰანა არენდტი არ წერდა ტრაგიკული ირონიით, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის "ხალხი ყოველთვის ზედმეტად ბევრია"?!
ბევრია თუ ცოტა, ჩვენნაირი მონოოლიგარქიული წარმონაქმნისთვის, როგორიც დღევანდელი საქართველოა, "ხალხი ყოველთვის ზედმეტია", რადგან პრიორიტეტი ძალაუფლება და ამ ძალაუფლების წყალობით მონოოლიგარქიული კლანების მიერ მოპოვებული ფულია...
დღეში 80 გარდაცვლილი ადამიანი საჯარო რიტორიკის ფორმალური ნაწილია, რომელიც ინერციითღა არის აქტუალური, თორემ ემოციურად ვისღა ეხება გარდაცვლილთა ნათესავ-მეგობრების გარდა.
კოვიდით მკვდომთა შემჩნევა უბრალოდ ძალიან მოსაწყენი და უსარგებლოა, რადგან ძალაუფლებას არანაირი საფრთხე არ ექმნება მათი არდანახვით, "მნიშვნელოვანი სხვა საქმეებია".
ხალხი რომ "ზედმეტი" იყო, ეს უკვე იმ წაცდენილი რეპლიკიდანაც ჩანდა, როცა ამ ქვეყნის მცხოვრებთა პრობლემებით გაბეზრებული ოლიგარქი უცხოეთში წასვლისკენ მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს.
ხოლო იმ ცნობილი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ეს, მისი ასაკისთვის უჩვეულოდ აზარტული კაცი დაკარგული მილიონების გამო იძლეოდა ჩვენებას, ისიც გამოჩნდა, რომ ის მგონი საერთოდაც აზრზე არ იყო, რა ხდებოდა საქართველოში უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. უფრო მეტიც, ვინ იცის, იქნებ ფინანსურ და პოლიტიკურ მონათაგან ვერცერთი ვერ უბედავდა იმის თქმას, რომ ყოფილი პრეზიდენტი მართლა კვდებოდა შიმშილობის შედეგად. რადგან რომ ეთქვათ, იქნებ მათდამიც გასჩენოდა რაიმენაირი ეჭვი და ორი თავი კი, აბა, ვის ჰქონდა, მმართველები ხომ მეტისმეტად ეჭვიანები არიან.
ამიტომ მგრძნობელობას ვინღა ჩივის (სად ავტოკრატია და სად მგრძნობელობა), პრაგმატულად ადეკვატური რეაგირებაც კი თავისთვისვე საზიანოდ შეუგვიანდათ.
მგრძნობელობა, სამაგიეროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს აღმოაჩნდა, რომლისთვისაც მხოლოდ ის კი არ გამოდგა შოკის მომგვრელი, რომ ადამიანი კვდებოდა (ეს უკვე დიდი ხანია აღარაა შოკის მომგვრელი - სულ მცირე, წლევანდელი ზაფხულიდან მაინც, როცა დღეში 80 ადამიანის გარდაცვალება მხოლოდ პირველი ორი კვირა გვაგდებდა საგონებელში), არამედ ის, რომ ადამიანს ძალაუფლების შენარჩუნების პრაგმატიზმით კლავდნენ ყველას თვალწინ და პროპაგანდა კი არგუმენტს არ იშურებდა ამ შემზარავ აბსურდთან შესაგუებლად.
თუმცა ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალის შიმშილობამ ყველაზე გაქნილ პროპაგანდისტებსაც კი აურია თავ-გზა, რადგან უეცრად აღმოჩნდა, რომ არა ძალაუფლებისთვის კვლა ან ძალაუფლებისთვის სიკვდილი, არამედ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვისი სიცოცხლის გადარჩენის იდეა დადგა დღის წესრიგში, რაც შურისძიების აგიტაციის ვერანაირ სქემაში ვეღარ ჯდებოდა - ამ სიცოცხლის არშემჩნევა უკვე ძალიან რთული იყო. მათ შორის, როგორც სასამართლოს გარეშე შურისმაძიებელთათვის, ასევე საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც პოლიტიკა ტრადიციულად არ ეხება და ვინც "უკვე ათი წელია ტელევიზორს აღარ უყურებს". ეს უკვე ყველას შეეხო. ან დაადუმა მაინც.
მონოოლიგარქია თითქმის უკანასკნელ წუთამდე ვერ (უფრო სწორად, არ) ხედავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის კვდომას. მეტიც, იმდენად არ ხედავდა, რომ იქნებ ფატალური შედეგის დადგომის სურვილიც კი ჰქონდა.
მაგრამ ბოლოს მაინც მოუხდა დანახვა...
იძულებით. ისევ და ისევ ძალაუფლების მხეცური ინსტინქტის პერსპექტივიდან.
მაგრამ იქ და იმათ რაღა ქნან, ვინც ძალაუფლების პარადიგმის მიღმაა და დასასნეულებლად განწირულია - კოვიდით, ყოველდღიურად?! უსახელო ადამიანთა ყოველდღიური კვდომა ხომ ვერა და ვერ იქცა ხელისუფლებისთვის მთავარ დღის წესრიგად.
ნუთუ მხოლოდ იმის (და იმათ) სიცოცხლეს აქვს აღიარების იღბალი, ვისი კვდომაც ძალაუფლების ნათების ქვეშ მოექცევა?!
Your browser doesn’t support HTML5