რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ახალი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის“ პრიორიტეტად ასახელებს რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ამის შესახებ არძინბამ „აფხაზეთის ტელევიზიას“ განუცხადა.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თბილისთან ურთიერთობებში პრიორიტეტია „საქართველოს მხრიდან აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება“. ინალ არძინბას თანახმად, ჟენევის დისკუსია რჩება ერთადერთ მრავალმხრივ ფორმატად, რომელზეც აფხაზეთს წარმომადგენლობა ჰყავს და ამ მნიშვნელოვან მოედანზე მკაფიო პრიორიტეტი აქვთ - „ეს არის საქართველოს მხრიდან სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება და ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა“.
ამასთან, არძინბამ თქვა, რომ ეს რთული და გრძელი გზაა, წინააღმდეგობები იქნება და მიზანს იოლად ვერ მიაღწევენ, მაგრამ დაჟინებით გააგრძელებენ ამ მიმართულებით სვლას.
„აფხაზეთის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში ინალ არძინბამ ილაპარაკა მსოფლიოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ სიტუაციაზეც, რომელსაც საკმაოდ დაძაბული უწოდა. არძინბას განცხადებით, შავ ზღვაში აშშ-ის, უკრაინის და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები ხელს არ უწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას და აუცილებელია ამ სიტუაციაზე დაკვირვება, ისევე, როგორც საქართველოში მოვლენების განვითარებაზე. არძინბამ ისევ გაიმეორა, რომ მათი ამოსავალია აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება და ნორმალური ურთიერთობების განვითარება.