მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს მიმართვას "ვარდების რევოლუციის" მე-18 წლისთავის გამო

ფოტო არქივიდან: ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია. 2003 წლის 23 ნოემბერი

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 18 წლის შემდეგ ხელახლა დებს ფიცს, რომ „ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას“. სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა მისი მიმართვა „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავის გამო.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ ხალხის შექმნილია და შეახსენებს, რომ:

„რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა "ერი სხვა ერთა შორის", როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა "მსოფლიო დემოკრატიის შუქურა". მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა“.

ექსპრეზიდენტის თანახმად, "ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა".

მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, ქართველი ერის გამბედაობის რომ არ სჯეროდეს, სიცოცხლეს არ გარისკავდა და არ დაბრუნდებოდა: „ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო! ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!“

„ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილია 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი გაყალბების წინააღმდეგ დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, რასაც 23 ნოემბერს მოჰყვა პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა. 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა ხმების 96%-ით და საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა ბოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის, 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ბლოკთან, „ქართული ოცნება".
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.
ასევე ნახეთ ბრეგაძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა იძლევა საფუძველს, სააკაშვილი პროცესებს დარბაზში დაესწროს