„ჩვენი თურქი პარტნიორები ატარებენ თურქების ერთიანობის იდეას, რაც ნორმალურია. ერთადერთი, რაზეც მე ვწუხვარ, არის ის, რომ რუკაზე თურქული სამყაროს ცენტრში არ დგას წითელი ვარსკვლავი. იგი (ცენტრი) არა თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ალტაიში, ნებისმიერი თურქისთვის იმ წმინდა ადგილზე მდებარეობს, საიდანაც მათი მოდგმა იღებს დასაბამს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, 21 ნოემბერს ტელეკომპანია „როსია 1“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ კრემლში პირველად გააკეთეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტისთვის ნაჩუქარ „თურქული სამყაროს“ რუკის თაობაზეთუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთს სახუმაროდ სულაც არ აქვს საქმე, რადგან პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „თურქული სამყაროს“ იდეა დროთა განმავლობაში ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის რუსეთის ფედერაციას.
თურქულენოვანი სახელმწიფოების საბჭოდან თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციამდე
უძველესი ცივილიზაციის აკვანი - თურქესტანის სივრცე, კვლავ გადაიქცევა მთელი კაცობრიობის მიზიდულობისა და განათლების ცენტრად.რეჯეპ ტაიპ ერდოანი
12 ნოემბერს სტამბოლში გაიმართა ე.წ. თურქულენოვანი ქვეყნების მე-8 სამიტი, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, უნგრეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა.
სამიტმა მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად, თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სახელი შეეცვალა და ეწოდა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია.
„უძველესი ცივილიზაციის აკვანი - თურქესტანის სივრცე, კვლავ გადაიქცევა მთელი კაცობრიობის მიზიდულობისა და განათლების ცენტრად“, - განაცხადა სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.
სახელწოდების ცვლილების მიუხედავად, უცვლელი დარჩა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანები; სააგენტო „თურანის“ თანახმად, ესენია: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და საქონელბრუნვის გაზრდა, კლიმატის ცვლილებისა და სტიქიური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა. თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს მოუწოდებია სამიტისათვის, რომ ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ასევე ტერორიზმის, ქსენოფობიისა და ისლამოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას.
მიუხედავად იმისა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სახელმწიფოებთან რუსეთს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს, ანკარის ლიდერობით ასეთი კავშირის შექმნა სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს რუს ანალიტიკოსებში.
რუსეთი მიიღებს ზომებს რუსეთის ფედერაციაში, განსაკუთრებით შუა ვოლგისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მდებარე იმ რეგიონებზე, სადაც ძლიერია თურქულენოვანი მოსახლეობა...პოლ გობლი
„იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ თურქული სახელმწიფოების, არამედ სხვა ქვეყნების ფარგლებში, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში შემავალი თურქი ხალხების უფრო ფართო ჯგუფების კავშირს. პირველი ამცირებს მოსკოვის გავლენას აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, თურქმენეთსა და უზბეკეთზე; ხოლო მეორე, დღევანდელი რუსეთის ფედერაციაში შემავალ თურქულენოვან ტერიტორიებზე მოსკოვის კონტროლს ემუქრება“, - აღნიშნავს რუსი პოლიტოლოგი დმიტრი როდიონოვი.
ანალიტიკოსებისაგან განსხვავებით, კრემლი ჯერჯერობით არ ჩქარობს კომენტარის გაკეთებას „თურქული სამყაროს“ ირგვლივ განვითარებულ ცალკეულ, მისთვის უსიამოვნო მოვლენებზე.
„ჩემი აზრით, რუსეთის მთავრობის მიერ არჩეული პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ არ მიაპყროს ყურადღება იმას, რასაც თურქეთი სჩადის. როგორც განდიმ შენიშნა თითქმის ერთი საუკუნის წინ: როდესაც თქვენ რაიმე პრეტენზიას გამოთქვამთ ხელისუფალთა მისამართით, თავდაპირველად ისინი უგულებელგყოფენ თქვენ, მერე დაგცინებენ, შემდეგ შეეშინდებათ თქვენი და ბოლოს დაგნებდებიან. ასეთი პროცესი სულ მუდამ ხდება. რასაც ანკარა ახლა სჩადის, არის ის, რომ პრობლემას უქმნის რუსეთს, რომელიც ჯერ მხოლოდ იწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ გაუმკლავდეს მას. მე მოველი, რომ მომდევნო კვირებში მოსკოვიდან უფრო მეტად გახშირდება თავდასხმები თურქული სამყაროს იდეაზე. იმისათვის, რომ წინ აღუდგეს თურქეთის გავლენას, მოსალოდნელია, რომ რუსეთი მიიღებს ზომებს რუსეთის ფედერაციაში, განსაკუთრებით შუა ვოლგისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მდებარე იმ რეგიონებზე, სადაც ძლიერია თურქულენოვანი მოსახლეობა. ის, რომ რუსეთი დღეს ხუმრობს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ იდეას არ გააჩნია ძლიერი სამომავლო პოტენციალი. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს (თურქული სამყაროს) იდეა სადღაც გაქრება და ამიტომ არაფერი არ უნდა იღონოს, რაც გულუბრყვილობაა. ვფიქრობ, რომ თურქულენოვანი ქვეყნების ორგანიზაციის შექმნა და მთლიანობაში თურქულენოვანი ხალხების მიმართ ანკარის ინტერესები, დროთა განმავლობაში იმაზე უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის მოსკოვსა და მის მმართველობას, ვიდრე სხვა რამ უქადის დღევანდელ რუსეთის ფედერაციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლ გობლმა, რომელმაც „თურქული სამყაროსა“ და „რუსული სამყაროს“ ურთიერთკავშირს ვრცელი სტატია მიუძღვნა ანალიტიკურ პორტალ „ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენში“.
„თურქული სამყარო“ VS „რუსული სამყარო“?
თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს სტამბოლის სამიტის ერთი კვირის თავზე, „თურქული სამყაროს“ იდეა კვლავ აღმოჩნდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.
18 ნოემბერს, თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს საჩუქრად გადასცა „თურქული სამყაროს“ რუკა, რომელზეც დატანილი აღმოჩნდა რუსეთის დაახლოებით 20 რეგიონი და ჩინეთის ნაწილი.
რუკის მიხედვით, თურქულ სამყაროში მოხვდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე, ასევე კრასნოდარის მხარე, როსტოვის ოლქის ნაწილი, ვოლგისპირეთის, აღმოსავლეთ ციმბირისა და იაკუტიის ტერიტორიები.
კრემლის რეაქცია რუსეთის მოკავშირე თურქეთის პრეზიდენტის ასეთ ნაბიჯზე თავშეკავებული იყო. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „ნორმალური“ უწოდა იმ ფაქტს, რომ თურქი პარტნიორები „თურქების ერთიანობის იდეას ატარებენ“ და, როგორც თურქოლოგმა, მხოლოდ ერთ რამეზე გამოთქვა „წუხილი“:
„ერთადერთი, რაზეც მე ვწუხვარ, არის ის, რომ რუკაზე თურქული სამყაროს ცენტრში არ დგას წითელი ვარსკვლავი. ის (ცენტრი) არა თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ალტაიში, ნებისმიერი თურქისთვის იმ წმინდა ადგილზე მდებარეობს, საიდანაც მათი მოდგმა იღებს დასაბამს“, - განაცხადა ინტერვიუში დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ ამას ამბობს როგორც თურქოლოგი.
მაგრამ ამ კომენტარის ირონიული კონტექსტის მიღმა აშკარად იმალება არა მხოლოდ „თურქული სამყაროს“ ერდოანისეული კონცეფციით, არამედ თურქეთისა და უკრაინის საკმაოდ ინტენსიური სამხედრო თანამშრომლობით კრემლის ფარული და ღრმა აღშფოთება, - ფიქრობს პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი.
„მაშინ როცა რუსეთი უკრაინას და ზოგადად დასავლეთს უტევს, თურქეთმა უკრაინას მიაწოდა „ბაირაქთარები“ (თურქული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი „ბაირაქთარი“ (Bayraktar TB2 - რედ) და ამის კვალობაზე, რუსეთის მხრიდან არაოფიციალური სანქციები, უფრო სწორად, ემბარგო არის შემოღებული თურქეთის წინააღმდეგ სოფლის მეურნეობის გარკვეულ სახეობებზე. და აი, ამ ფონზე, თურქეთმა ერთგვარი პასუხი გასცა რუსეთს და ეს არის გაკეთებული ასევე დასავლეთის საყურადღებოდაც. უკრაინის საკითხში დაპირისპირების დროს დასავლეთს სჭირდება მოკავშირეები და თურქეთი საკუთარ თავს სთავაზობს მოკავშირედ [დასავლეთს] იმ ფონზე, როდესაც თურქეთს ბევრი პრობლემა აქვს დასავლეთთან ურთიერთობაში დაგროვილი და სურს ამ პრობლემების მოგვარება თუნდაც რუსეთთან ამგვარი დაძაბულობის ფასად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა.
ასევე ნახეთ ელის თუ არა უკრაინას 2014 წლის კონფლიქტის განმეორება?და მართლაც, ბოლო ხანს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ზედაპირზე სულ უფრო მეტი გამაღიზიანებელი ფაქტორი ამოდის. რუსეთის სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში სერიოზული აღშფოთება მოჰყვა ყაზახეთის დედაქალაქში მდებარე თურქულ მეცნიერებათა აკადემიაში, რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა სახასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რაზეც პოლ გობლის მიერ „ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაშია საუბარი. ნურ-სულთანში მდებარე ამ აკადემიის განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნული ყოფილა, რომ სახა „მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ერთ-ერთ არაღიარებულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს“ წარმოადგენს. ეს სიტყვები რუსეთში „თურქული სეპარატიზმის გავრცელების მცდელობად“ აღიქვეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად თურქეთს სახასთან მხოლოდ შორეული და ისიც ძირითადად კულტურული კავშირები აქვს.
„თქვენ იცით, რომ პოლიტიკოსები ხშირად ეყრდნობიან კულტურას. ასე რომ, სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ამ სხვადასხვა ქვეყნების გაერთიანების შიგნით საერთო თურქულ კულტურაზე საუბარი, პოლიტიკური აქტია. ზოგიერთ ნაწილში, რასაც ანკარა თურქული სამყაროს განმარტებას აძლევს, თურქეთის გავლენა ძალიან დიდია. მაგრამ აზერბაიჯანში ეს გავლენა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე სხვა ქვეყანაზე. სხვაგან ეს გავლენა უფრო ნაკლებია, მაგალითად, სახას რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შედის. მაგრამ მთელი ეს იდეა, რომ თურქეთს მის გარშემო ესაზღვრება თურქული სამყარო, ისევე, როგორც რუსეთს ესაზღვრება რუსულენოვანი სამყარო, - მნიშვნელოვანია პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით. ანკარამ საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია არა მხოლოდ იმ ქვეყნებით, რომლებიც თავს თურქულ სახელმწიფოებად მიიჩნევენ, არამედ, რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაინტერესებულია თურქულენოვანი ხალხებითაც, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მათ უჩნდებათ იმედი, რომ გარკვეულ მომავალში ისინიც შეძლებენ დამოუკიდებლობის მოპოვებას, ან, სულ მცირე, შეიძენენ უცხოელ მოკავშირეს, რომელიც წინ აღუდგება მოსკოვიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლას“, - ამბობს პოლ გობლი.
თურქ ხალხებთან დაკავშირებით ანკარის პოლიტიკა, როგორც ამას რუსი ექსპერტები განმარტავენ, ჩამოჰგავს იმას, რასაც რუსეთი საკუთარი ინიციატივით აკეთებს „რუსულ სამყაროსთან“ მიმართებით. ეს ორი ხედვა, პოლ გობლის აზრით, ერთმანეთს კვეთს და მოსკოვის უუნარობა, აღიაროს ეს, „ანკარას შესაძლოა იმის საშუალებას აძლევდეს, რომ თავისი გავლენა არა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე გაავრცელოს, რასაც კრემლი თავის "ახლო საზღვარგარეთს" უწოდებს, არამედ იმ რეგიონებზეც, რომელიც მის სახლთან ახლოს მდებარეობს“, - წერს პოლ გობლი „ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაში მწვავე დაძაბულობა გამოიწვია 2015 წლის ინციდენტმა, როცა თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი.
ასევე ნახეთ ერდოანი რუსეთში „მეგობარ პუტინთან“ მიდისგაცეცხლებულმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის ქმედებას „ტერორისტების თანამზრახველის მიერ ზურგში დარტყმა“ უწოდა და ანკარისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რუსი კოლეგის ამ განცხადებას მაშინ მტკიცედ უპასუხა და ბოდიშის მოხდა სწორედ მოსკოვს ურჩია მის მიერ „თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო“.
ამის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქციები დაუწესა თურქეთს, რაც ზოგიერთი პროდუქტის შეტანისა და თურქებისთვის რუსეთში სამუშაო კონტრაქტების გაგრძელების აკრძალვას გულისხმობდა.
მაგრამ ერთი წლის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტს „მეგობარი პუტინი“ უწოდა, ხოლო მფრინავებს, რომლებმაც რუსული სამხედრო ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდეს, ანკარამ სამხედრო პუტჩში მონაწილეობა დააბრალა.
მას შემდეგ რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის რეგულარული შეხვედრები ყოველ წელს იმართება. მიმდინარე წლის 29 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში უმასპინძლა თავის თურქ კოლეგას. საუბრის საგანი იყო სირიასა და ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტები, რუსეთის გაზის ექსპორტის გაფართოება და, მიუხედავად აშშ-ის წინააღმდეგობისა, თურქეთის მიერ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მეორე პარტიის შესყიდვა.
სოჭში მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები დადებითად ვითარდება მათი უნარის წყალობით, გამონახონ „კომპრომისები“.