სასამართლო პროცესებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის არდაშვების შესახებ შეკითხვას უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ის სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტას პროცესებზე მისი დასწრების საფუძვლად განიხილავს.
„როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში“, - თქვა მინისტრმა.
რატი ბრეგაძე აქამდე პროცესებზე სააკაშვილის არდაშვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე, ეს იხილა და გაიგო საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი“, - შენიშნა მან.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქმე ეხებოდა ორ მთავარ ფაქტორს. „ერთი - უსაფრთხოება, მეორე, ეს იყო უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის მთავარი ამოსავალი პრინციპი. ბუნებრივია, ეს არის საფუძველთა საფუძველი. აქ ჩვენ თეორიულ რისკსაც ვერ დავუშვებდით, - თქვა რატი ბრეგაძემ და დაამატა, - შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში“.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომა მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას დაბეჯითებით მოუწოდებენ, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი საქმე განიხილება. პრაისი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლოს სხდომებზე დასწრებასაც, თუკი ის ამას ითხოვს.
განცხადებაში, რომელსაც ოთხი ამერიკელი სენატორი აწერს ხელს, ყურადღება გამახვილებულია სასამართლო პროცესებზე, რომლებზე დასწრების საშუალებაც მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სააკაშვილი, რომ მისი დაბრუნება საქართველოში გააძლიერებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, იგი, როგორც ყველა დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც ელის მის სასამართლოს, იმსახურებს ღირსეულ და სამართლიან მოპყრობას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ჩვენ გვაწუხებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი მოითხოვს სააკაშვილის ჩართვას მისსავე სასამართლო განხილვებში20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50 დღე - ქრონოლოგიამისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.