„ნიუ ჰოსპიტალსის“ მორიგე ექიმის, თერაპევტის ვალერიან ლობჟანიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტს სამედიცინო ჩარევა უტარდება და ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა.
„შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იღებს დანიშნულ საშუალებებს“ - განაცხადა ექიმმა.
პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც, 19 ნოემბერს, დადებითად გადაწყდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ციხის საავადმყოფოდან“ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი.
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრის შემდეგ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.