რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება, რამდენიმე წუთით დატოვა ციხის ტერიტორია და მედიას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო.
„რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. კონტაქტურია. ცნობიერება აქვს ადეკვატური. არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მონაცემები, ვენტილაციური პარამეტრები, ეს ყველაფერი არის გამოსწორებული“, - თქვა ექიმმა. მდგომარეობის დამძიმების მიზეზების შესახებ ექიმმა თქვა, რომ შიმშილობა იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში. „გარკვეულ სისტემაში ახდენს ხოლმე გამოვლინებას, პერიოდულად. იყო ცნობიერების კარგვა, ჰიპერტენზია, ტაქიკარდია და ეს ყველაფერი მოწესრიგებულია“, - დაამატა რეანიმატოლოგმა.
როგორც გულიკო ქილიფთარი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ეკრანზე ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. „გვესაუბრება და რაღაც კომენტარებსაც ვაკეთებთ ერთად“, - შენიშნა მან.
ექიმის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ.
მკურნალობისთვის საჭირო პირობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ქილიფთარი ასე პასუხობს: „ჩვენ რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბევრი აპარატურა გადმოვიტანეთ. დასკვნაშიც იყო ლაპარაკი, რომ აპარატურა არის კარგი. მე არ ვარ მისი ექიმი, მე არ ვმუშაობ ამ დაწესებულებაში, მე ვარ მოწვეული დღეს, როგორც კონსულტანტი“. მისი თქმით, თუ მდგომარეობა დამძიმდება, უკვე უამრავი ვიღაცის ჩართვა გახდება საჭირო.
შეკითხვაზე, უნდა გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში, ქილიფთარი პასუხობს: „მე მასთან პირადი, ახლო ურთიერთობა მაქვს. მე, როდესაც დავჭირდები, მის გვერდით ვიქნები ყოველთვის, რითიც შემეძლება დავეხმარები“.
ექიმი აცხადებს, რომ მე-18 დაწესებულებაში ყოველდღე მორიგეობს რეანიმატოლოგი და რეანიმაციული ბრიგადა. „მე დღეს მხოლოდ მომიწვიეს საკონსულტაციოდ და ამასთან, მინდა გითხრათ, რომ მას [მიხეილ სააკაშვილს] პირადად ვიცნობ 2007 წლიდან. ასე რომ, დღეს მოხდა დამთხვევა“, - შენიშნავს ექიმი.
18 ნოემბერს, საღამოს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ წაიქცა.
ასევე ნახეთ ბექა ბასილაიას თქმით, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი „მოსხლეტით წაიქცა“სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.
დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ
ასევე ნახეთ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა
16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძეს და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.