ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში

ნიკოლოზ ყიფშიძე

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც ის ამბობს, სამი დღის განმავლობაში ციხეში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის თქმით, სააკაშვილს უჭირს გადაადგილება. „სხვა დღეებისგან განსხვავებით, შესამჩნევი სიყვითლე აქვს. გადაადგილდება მძიმედ, სუსტად არის. ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში. ასე რომ, მე მქონდა პრივილეგია, რომ ავსულიყავი მასთან პალატაში“, - აღნიშნა ექიმმა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ილაპარაკა გორის ჰოსპიტლის შესახებ და აღნიშნა, რომ იქ სააკაშვილის გადაყვანა არ არის მიზანშეწონილი.

„პრეზიდენტმა მკითხა გორის ჰოსპიტალის შესახებ. მე მივეცი მას რჩევა, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი თქვას, რამე რომ იყოს. გორის ჰოსპიტლის აშენებაში ვმონაწილეობდი მეც. მე კი არ ვაშენებდი, რასაკვირველია, მაგრამ - შექმნა-დაგეგმარებაში. გორის ჰოსპიტალი არის მშვენიერი ჰოსპიტალი, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წლის ომის დროს, ჩემი მეგობარი, პროფესორი გვასალია იყო მაშინ დირექტორი. ბრწყინვალედ იმუშავეს, მაგრამ გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის“, - თქვა მან.

ყიფშიძისთვის უცნობია, განიხილება თუ არა გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის საკითხი.

სააკაშვილის პირადი ექიმი არ ასახელებს კლინიკას, რომელსაც რეკომენდაციას უწევს.

ასევე ნახეთ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში.თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძეს და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.