ლომჯარიას თქმით, მთავარი რეკომენდაციაა გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობა

ნინო ლომჯარია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრების დასკვნის შესახებ ილაპარაკა თავად ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენი დასკვნიდან გამომდინარე ასახელებს მთავარ რეკომენდაციას.

„დასკვნის მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ ექსპერტების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთი პირობები მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ არსებობს", - თქვა სახალხო დამცველმა ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნინო ლომჯარიას თქმით, დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიღებული ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია.

„ადამიანის უფლებების ენაზე რომ ვთარგმნოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პატიმრის ჯანმრთელობის უფლება და სიცოცხლის დაცვა, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დარგის გამორჩეული ექსპერტების რეკომენდაციები იყოს მხედველობაში მიღებული. შესაბამისად, მე, როგორც სახალხო დამცველი სრულად ვენდობი დასკვნას და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა ის, რომ დაცული იყოს პატიმრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ აღნიშნული რეკომენდაცია“, - აღნიშნა მან.

ასევე ნახეთ ექსპერტთა ჯგუფის წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უახლოვდება არდაბრუნების ზღურბლს

მონიტორინგის შედეგების დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

ასევე ნახეთ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.