სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტმა, გრიგოლ ხურციძემ ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, 1 ოქტომბრიდან მოშიმშილე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„ადამიანი არის ძალიან დასუსტებული, შენელებული მოქმედებით, საკმაოდ გაუარესებული მეხსიერებით, ძალიან ძლიერი სისუსტით, კომბინაციის მოშლით, ძალიან შენელებული მოქმედებით და აზროვნების დაქვეითებით. აქედან გამომდინარე, მოხდა პაციენტის ფართო გამოკვლევა და გასინჯვა, რომელიც, სამწუხაროდ, აქამდე არ იყო დადგენილი. როგორც აღმოჩნდა რამდენიმე სინდრომი, რომელიც აქამდე არ იყო დადგენილი. ვერნიკის ენციფალოპათიის გამოკვეთილი სურათი არის, რომელმაც მკურნალობის არდანიშვნის შემთხვევაში შეიძლება ლეტალური გამოსავალი გამოიწვიოს“, - თქვა მან. ექიმი მიუთითებს კუნთების გალევის შესახებაც.
როგორც ხურციძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ახლა ფაქტობრივად გამოფიტვის ფაზაშია. მისი თქმით, ბოლო 8 დღის განმავლობაში პაციენტი საერთოდ აღარ იღებს არანაირ მინერალურ და ვიტამინის დანამატს. უკვე აქტიურად იკლებს წონაში.
ექიმი, რომელსაც გარდა საქართველოსი, აქვს აშშ-ის ვაშინგტონის და კენტუკის შტატების სამედიცინო ლიცენზია, აცხადებს, რომ სააკაშვილი უახლოვდება არდაბრუნების ზღურბლს.
„ვუახლოვდებით იმ ზღურბლს, რომელიც შეიძლება იყოს არდაბრუნების ზღურბლი, რადგან ცვლილებები იმდენად გაღრმავებული იყოს, რომ მისი მკურნალობა გახდეს შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ასეთი პაციენტის მინიმუმ ისეთ დაწესებულებაში ყოფნა, სადაც პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურება არის ხელმისაწვდომი 24 საათის განმავლობაში, - თქვა მან და განმარტა, - კრიტიკული მდგომარეობა ყველას წარმოუდგენია ისე, რომ ადამიანი მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. თუმცა შენ შეიძლება გამოიყურებოდე კარგად, მაგრამ გქონდეს პრეკრიტიკული ან კრიტიკული მდგომარეობა. მაგალითად, გულის ტკივილის შემთხვევაში ადამიანი დადის და მეორე დღეს ცოცხალი აღარ არის... არის მონაცემები, როდესაც ადამიანი ზღურბლს გადალახავს და შემდეგ პროგნოზირება რთული ხდება“.
ექიმი ამბობს, რომ ძნელია უმკურნალო პაციენტს, რომელიც არ არის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი თქმით, პაციენტი დისტანციურად მკურნალობის ეტაპზე აღარ არის. ხურციძის შეფასებით, ასეთი პაციენტი უნდა იყოს კლინიკაში.
როგორც გრიგოლ ხურციძე აღნიშნავს, თუ ასე გააგრძელა წონის კლება, პაციენტი გასცდება წონის 20%-იანი კლების ზღვარს და ზემძიმე შიმშილის კატეგორიაში გადაინაცვლებს.
„ასეთ მდგომარეობაში დასუსტებული პაციენტი თუ მივიდა რეანიმაციული ღონისძიებების ეტაპამდე, გამოსავალი, როგორც წესი, არის ძალიან მძიმე. ადამიანს უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ მდგომარეობა გადაიტანოს“, - შენიშნავს ის.
რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ რესურსებს, გრიგოლ ხურციძე აცხადებს: „ჩვენ თვითონ მივიტანეთ კალიფორნიის შიმშილის პროტოკოლი, რომელიც 20-გვერდიანი დოკუმენტია და დავუტოვეთ, ვუთხარით, რომ თანამედროვე მედიცინაში მიღებული პარამეტრებით და აპრობირებული მეთოდებით ეს ადამიანი შეგიძლიათ გამოიყვანოთ შიმშილის მდგომარეობიდან. თვითონ ადგილზე არავითარი პროტოკოლი არ უჩვენებიათ ჩვენთვის“.
ხურციძემ დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადასვლამდე.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა.
დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული და ნათქვამია, რომ მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".
მონიტორინგის შედეგების დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ
სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ხურციძეს, გარდა საქართველოსი, აქვს აშშ-ის ვაშინგტონის და კენტუკის შტატების სამედიცინო ლიცენზია.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტიუკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.