პარტია „დროას“ წევრი, ელისო ჯანაშია მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ხელისუფლება მანიპულაციებით პასუხობს და ამიტომ საჭიროა, ზუსტად იქნეს დასახელებული კლინიკა, რომელშიც მისი მოთავსება იქნებოდა მიზანშეწონილი:
„პრეზიდენტი რომ გაიტაცეს და გადაიყვანეს გლდანში, მერე გვითხრეს, რომ ეს არის, რაც თქვენ გინდოდათ, ეს არის მულტიფუნქციური კლინიკაო, ამიტომ ვერ ვხვდებით პროტესტს რატომ აგრძელებთო, ეს იყო ერთი პასუხი. მეორე პასუხი გუშინ ბატონი თალაკვაძე გამოვიდა და რა პრეტენზიები გაქვთ იმ ექიმებთან, რომლებიც ჩვენ დავნიშნეთო? ვინმეს თუ შეუძლია რომ აგვიხსნასო. ზუსტად ამაშია შეცდომა, ამ პოლემიკაში რომ შევდივართ ოპონენტთან, დრო იწელება. ძალიან კონკრეტულად უნდა მოვითხოვოთ კლინიკა, დავასახელოთ პირდაპირ ეს კლინიკა და ძალიან კონკრეტულად უნდა ჩამოვთვალოთ იმ ადამიანთა სია, იმ ექიმების სია, რომელთაც ჩვენ მივიჩნევთ სანდო პიროვნებებად“, - განაცხადა ელისო ჯანაშიამ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ მისი აზრით, არჩევანი ამ თვალსაზრისით ღუდუშაურის კლინიკაზე უნდა შეჩერდეს:
„ვივამედში“ არ გადაჰყავთ იმიტომ, რომ აცხადებენ, რომ არ არის დაცული სამხედრო თვალსაზრისით. ძალიან ფართო მინდორზეა ეს კლინიკა აშენებული და თითქოს იქიდან შეუძლია ხალხს რომ პრეზიდენტი გავიტაცოთ, ამიტომ არ გადაჰყავთ, ამის ეშინიათ. ხუთი კლინიკა ჩამომითვალა გუშინ ბატონმა ვილი პაჭკორიამ, კლინიკების გაერთიანების დირექტორმა, რომელიც უკვე მეექვსეა დღეა თავადაც შიმშილობს, ჩამომითვალა ხუთი კლინიკა, რომელიც არის სამხედრო თვალსაზრისით უფრო მეტად დაცული. ამ ხუთი კლინიკიდან მერე ბატონმა თემო ჯანაშიამ, რომელიც გენერალია და სამხედრო ადამიანია, შეაფასა სამხედრო თვალსაზრისით და ღუდუშაურის კლინიკა არის სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე დაცული. ამ კლინიკას ასევე აქვს ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილიც. ანუ თუ ეშინიათ იმისი, რომ გზაში გაიტაცებს ვიღაცა, რაც ძალიან დიდი აბსურდია, პარტიამ ძალიან ბევრჯერ განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს, ჩვენც მოპროტესტე ადამიანებიც ვაცხადებთ, რომ ამას არავინ არ გააკეთებს და არ იკადრებს, მაგრამ მაინც თუ ეშინიათ ამის, არსებობს ვერტმფრენით გადმოყვანის საშუალება და ღუდუშაურის კლინიკას აქვს ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, ზუსტად ეს უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რომ ვითხოვთ ღუდუშაურის კლინიკას, უნდა ვთქვათ, რომ ვითხოვთ ან ნინო ლომჯარიას ან მარიამ ჯიშკარიანის არჩეულ და დანიშნულ ექიმებს. მორჩა და გათავდა.“, - აღნიშნა ელისო ჯანაშიამ.
გადაცემაში მან თქვა ისიც, რომ ამ მოთხოვნაში მას თანამებრძოლების ნაწილი არ ეთანხმება:
„როგორც ულტიმატუმი ისე ჟღერსო. არ ვეთანხმები ამაში იმიტომ, რომ ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის იმის ჩვენება, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რაშია საქმე, რა მომენტებში შემოდიან პოლემიკაში, რითი გვიწელავენ დროს და ამით ჩვენი მოტყუება შეუძლებელია. ამით ვზღუდავთ ოპონენტს, რომ მას არ ჰქონდეს საშუალება ლავირების და ჩვენი, ასე ვთქვათ, გაცურების“, - განაცხადა ელისო ჯანაშიამ „დილის საუბრებში“.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
ასევე ნახეთ ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნამიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.
ასევე ნახეთ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გლდანის მე-18 დაწესებულება დატოვეს - პირველი შეფასებამრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი. 16 ნოემბრიდან შიმშილობის აქციას შეუერთდა ოპერის მომღერალი, პოლიტიკური მოძრაობის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამაარსებელი პაატა ბურჭულაძეც. იგი უცხოეთიდან თბილისში 15 ნოემბერს დაბრუნდა და შიმშილობის აქცია მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო.
ასევე ნახეთ უკრაინის სახალხო დამცველმა სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო გაეროს, ევროსაბჭოს და ეუთოს მიმართა