თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტება გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესის მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩატარებისა და მისი ორი ადვოკატის სასამართლოს დარბაზში არდაშვებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში წერია, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მტკიცებულებების გამოკვლევა და სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 230-ე პრიმა მუხლის შესაბამისად ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხზე, მხარეთა გამოუცხადებლობა, მათ შორის ბრალდებული პირის არ ყოფნა სასამართლო სხდომის დარბაზში, პროცესს ვერ დააბრკოლებდა.
10 ნოემბერს სასამართლომ გააუქმა 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა.
განცხადება განმარტავს იმასაც, რომ სასამართლომ სხდომის მომზადებისას მოსთხოვა პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომის დარბაზში მიყვანა, თუმცა უწყებამ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამატებითი რისკისა და მისი ეტაპირების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ეს მიზანშეწონილად არ ჩათვალა.
ასევე ნახეთ სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდარაც შეეხება პროცესზე ადვოკატების არდაშვებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბექა ბასილაიას გარდა, სხვა ადვოკატების ორდერი არ ყოფილა წარმოდგენილი.
„მოცემულ საქმეზე 2015 წლიდან დაცვის უფლებას ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ახორციელებს ადვოკატი ბ.ბასილაია. დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა დაცვის უფლება და არ იქნა დაშვებული სხვა დამცველები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არის გადაჭარბებული და გაზვიადებული, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა სასამართლო სხდომის დაწყებამდე, გარდა ადვოკატ შ.თუთბერიძის ორდერისა სხვა პირთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრული იყო 2021 წლის 14 სექტემბერს. ამავდროულად სასამართლო სხდომაზე დაცვის უფლება უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებით აყვანილი ორი დამცველის მონაწილეობით, რომლებიც სასამართლოს თანხმობის გარეშე სოციალურ ქსელში სხდომის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ სასამართლოში შეწყდა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა - მოსამართლემ უარი თქვა დარბაზში ადვოკატების შეშვებაზეამავე დროს, სასამართლო საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს განცხადებებს სასამართლო სხდომის მიზანმიმართულად არ დანიშვნასთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობს 2015 წლიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ, კოლეგიური შემადგენლობით. საქმეზე სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა ხდება მოსამართლეთა დატვირთულობისა და საქმის მოცულობის მხედველობაში მიღებით და მხარეთა შეთანხმებით. 2021 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების, დაპატიმრებისა და მის მიერ შიმშილობის დაწყების შემდეგ ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს 14 ნოემბერს ჩანიშნული პროცესის თარიღის გადმოწევა, მათ შორის მოშიმშილე პატიმრის ინტერესების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ასევე ნახეთ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე დამსწრე პირთა დაშვება პანდემიის გამო შეზღუდულია, პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორები/დამკვირვებლები, სახალხო დამცველის და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები“, - წერია განცხადებაში.
10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა, ბრალდებულების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე განიხილეს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმე, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება გლდანში, პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც 8 ნოემბერს გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. ამის მიზეზად სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს. ძალით გადაყვანის ფაქტი დასტურდება პენიტენციური სამსახურის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებში.
სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის გამოძიება დაწყებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.