„ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის მტკიცებულებად აფასებენ იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ასახავს სააკაშვილის გადაყვანას თბილისში, გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს კადრები არის კიდევ ერთი პირდაპირი და მყარი მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოსთვის, თუ როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში:
„როგორ ცდილობენ, რომ მისი ღირსება შეელახათ, რა მეთოდებით - ამ სიტყვას ვიტყვი - შეათრიეს ის პირდაპირ გლდანის ციხეში. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მოტყუებით მიიყვანეს ის გლდანის ციხეში, თავიდან რომ გვიმტკიცებდნენ, თავისი ნებით წავიდაო“.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაავრცელაზაალ უდუმაშვილის შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის დატოვება დაუშვებელია და ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. უდუმაშვილის განცხადებით, კადრების გასაჯაროებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ძალადობს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშაა.
დღეს, 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჩანაწერების გამოქვეყნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა:
"თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში, ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა..."
ბრეგაძის განცხადებითვე, კადრები ასევე ასახავს პალატაში განთავსების შემდეგ სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და სამედიცინო ტექნიკის დაზიანებას.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა უთხრეს მიხეილ სააკაშვილს, როცა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გადაყვანის გადაწყვეტილება აცნობეს. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ "გადადიოდა კლინიკაში და სამკურნალო დაწესებულებაში". კონკრეტულად სად, მინისტრს არ უთქვამს: "გადაწყვეტილებას, სად იქნება ის გადაყვანილი, ღებულობს არა პატიმარი, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ღებულობს არა პატიმარი, არამედ ღებულობს სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე".
მიხეილ სააკაშვილს 1 ოქტომბრიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხეების გამო, საქართველოს სახალხო დამცველი და ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. ამ მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.