საპატრიარქოს განცხადებით, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის რაციონი არასამარხვოა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ორჯერ მოინახულა. საპატრიარქოს შეფასებით, ორივე შემთხვევაში მიტროპოლიტისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.

„თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული.

რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი (მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს.

საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე.

ხოლო, რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც უნდა გამოთქმულიყო. ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა“, - აცხადებს საპატრიარქო.

ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ნიკოლოზი: დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან

განცხადებაში გაკრიტიკებულია 8 ნოემბერს მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას. ნიკოლოზმა ის მარხვად მოიხსენია. საპატრიარქომ კი ყურადღება გაამახვილა არასამარხვო რაციონზე.

„[მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა] მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით;

მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა.

პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ იგი შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.

ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მით უმეტეს, რაციონი არასამარხვოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა“, - აცხადებს საპატრიარქო.

ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ნიკოლოზი: მიხეილ სააკაშვილი ვაზიარე

განცხადებაში წუხილია გამოთქმული იმის გამო, რომ, მათი შეფასებით, მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, 6 ნოემბერს, საღამოს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს.

ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური: ვასაჯაროებთ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს

მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.

კადრების გასაჯაროების შემდეგ, 6 ნოემბერს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შეწყვიტა მინერალებისა და გლუკოზის მიღება

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.