სახალხო დამცველის განცხადებით, ოჯახის წევრები ეძებენ 10 ნოემბერს აქციებზე დაკავებულებს

10 ნოემბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სახალხო დამცველის აპარატი.

როგორც ომბუდსმენი მიუთითებს, შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით, 46 პირი დააკავეს. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული პირი.

ასევე ნახეთ შსს: ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დავაკავეთ

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა.

ასევე ნახეთ მელია: დღეს ვნახეთ შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს