პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ ტელეფონის შეზღუდვის ძალაში დატოვება სამართლებრივი "ლაფსუსია."
"თუ არ არსებობს პატიმრობა, ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვის ფორმალური საფუძველიც არ არსებობს. რაზეც ბატონი ჯარჯი საუბრობდა, ეს არის იმ არაადამიანური, არაჰუმანური, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის გაგრძელება, რასაც საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ ახორციელებს " - ამბობს ბექა ბასილაია და მიაჩნია, რომ ადვოკატების მიმართვის გარეშეც უნდა დაუბრუნონ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობის უფლება იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე მას პატიმრობა გაუუქმა. სწორედ ამ საქმის ფარგლებში ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობა შეზღუდული იმ მოტივით, რომ მოწმეებზე ზეგავლენა არ მოეხდინა.
პატიმრობის შესახებ კანონის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში " სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით" და დაწესებულია ლიმიტები იმის მიხედვით, რა ტიპის დაწესებულებაში იხდის მსჯავრდებული სასჯელს. საპატიმრო დაწესებულების ხარჯით და ულიმიტოდ პატიმრებს სატელეფონო ზარების განხორციელება შეუძლიათ სახალხო დამცველთან, გენერალურ ინსპექციასთან და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან.
ასევე ნახეთ სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდამიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი პირველი სასამართლო სხდომა დღეს თავად სააკაშვილის სხდომაზე დასწრების გარეშე გაიმართა. 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას (სსსკ-ის 333-ე მუხლი) ედავება.
მომდევნო სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ასევე ნახეთ სასამართლოში შეწყდა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა - მოსამართლემ უარი თქვა დარბაზში ადვოკატების შეშვებაზე