პარტია „დროას“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს და მედიკამენტებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება.
ელენე ხოშტარიამ, რომელიც მეშვიდე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს, 9 ნოემბერს მედიას უთხრა, რომ რუსთავის საპატიმროდან გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იყო ველური, სასტიკი შურისძიების აქტი: „მე ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს“.
ხოშტარიას შეფასებით, სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გამოჩენილი სისასტიკე სინამდვილეში არის სისასტიკე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ: „სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, სახელმწიფოსთვის არაფერს არ წარმოადგენს არცერთი ადამიანი“.
„დროას“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით გადაყვანისას მოსაცდელში იმყოფებოდნენ მისი დედა და შვილები: „არ ვიცი ვის მიმართ შეიძლება მსგავსი საქციელი გააკეთო“.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალის გამოყენებით გადაყვანა იყო არა მხოლოდ მისი შეურაცხყოფა, არამედ გამოწვევა და შეურაცხყოფა ყველა ადამიანის პროტესტის: „მათ უნდათ, რომ ჩვენ გამოგვიწვიონ პროვოკაციაზე. ეს ვითარება არ არის სიურპრიზი. ამის მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასე მოიქცევა, გვქონდა“. როგორც ხოშტარია ამბობს, არ აპირებენ წუწუნს და აპირებენ ბრძოლის მტკიცედ გაგრძელებას.
ასევე ნახეთ მელია: საზოგადოება არ მოისვენებს, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ„დროას“ ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო გაზრდილია, ამიტომ შიმშილობის შეწყვეტას არც კი განიხილავს: „ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას. მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით“.
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
8 ნოემბერს, სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ის რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მე-18 დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: სააკაშვილის გლდანში გადაყვანით სახელმწიფომ დაარღვია ღირსების პატივისცემის ვალდებულება ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი: გლდანის ციხეში სააკაშვილმა პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენათვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თითქმის ერთი თვეა მოითხოვს მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე თავიდანვე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდებოდა მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. ამას ეწინააღმდეგებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატების თანახმად, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.
კონსილიუმის ბოლო დასკვნით, რომელიც 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, "პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად“.
ასევე ნახეთ კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე დღეს: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკშიმიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.