მელია: საზოგადოება არ მოისვენებს, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, სერიოზული ფიზიკური საფრთხის ქვეშაა, ამიტომ საპროტესტო მოძრაობა "აზვირთდება, მზარდი გახდება, თანმიმდევრული, ორგანიზებული, დისციპლინირებული".

დღეს, 9 ნოემბერს დილით, მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ საზოგადოება არ მოისვენებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, პარალელურად იქნება უფრო აქტიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და უახლოეს საათებში იქნება შესაბამისი რეაქცია. მელიას განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ბრძოლა ამით არ შეწყდება და გაგრძელდება ახალი არჩევნებისთვის. როგორც ნიკა მელიამ თქვა, სახელმწიფო მიტაცებულია, რასაც უპირისპირებენ უწყვეტ, ყოველდღიურ აქციებს, სანამ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ხელისუფლების მიმტაცებელია.

მელია ამბობს, რომ ძალიან ადარდებს "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობაც. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან შიმშილობს საქართველოს პარლამენტის შენობაში.

ასევე ნახეთ შიმშილობის მე-6 დღეს ელენე ხოშტარია შეუძლოდ გახდა

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და მხარდამჭერების ნაწილი, 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ, ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დარჩა. დღეს იგეგმება რამდენიმე საპროტესტო აქცია.

8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სამი მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილიან, სამოქალაქო კლინიკაში, წართმეული არჩევნების დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

აქციას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი: „გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში"

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელსაც გაყალბებულად მიიჩნევენ. არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მისი შიმშილობით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თითქმის ერთი თვეა მოითხოვს სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე თავიდანვე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდებოდა მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. ამას ეწინააღმდეგებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატების თანახმად, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.

ასევე ნახეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.