"ეს რაც აქ ხდება, არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა - პატიმრების ხელით ხელსუფლება ახდენს რევანშს მიხეილ სააკაშვილზე. უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის დაუყოვნებელი საფუძველი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან იქნას გადაყვანილი" - თქვა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატია და ცდილობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული პრეზიდენტი ნახოს ციხეში. ბასილაიას აქვს ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანისას. ის ვარაუდობს, რომ იუსტიციის მინისტრის მინიშნება იმაზე, რომ სააკაშვილი დაუპირისპირდა ციხის პერსონალს, ამ ფაქტის გადაფარვის მცდელობაა.
ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში სამედიცინო ტექნიკა დააზიანა“ეს არის სპეცოპერაცია, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობამ ჩაიდინა კრიმინალი. მათ არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილი გადმოეყვანათ მე-18 დაწესებულებაში.
აქ სიცოცხლის საფრთხეა" - ამბობს ბექა ბასილაია. ის და სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი აღნიშნავენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ და თავადაც მედიაში იგებენ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამბებს. ადვოკატებს არც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ აქვთ ინფორმაცია გლდანში გადაყვანის შემდეგ.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ციხესთან პერიოდულად ისმის პატიმრების სალანძღავი შეძახილები და მუქარა მიხეილ სააკაშვილის მისამართით. ამგვარი შეძახილები, სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, ისმის სააკაშვილის საკანშიც. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ერთადერთია სისტემის მიღმა მყოფი პირებიდან, ვინც სააკაშვილი გლდანის ციხეში გადმოყვანის შემდეგ მოინახულა.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით."
მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია იმედს უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.