პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხის ოპოზიციონერ მერს "დამსახურებული გამარჯვება" მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამსახურებული უწოდა წალენჯიხის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას.

30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გია ხარჩილავამ დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგა გულორდავა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, საქართველოს დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არჩეულ მერებს გამარჯვება მიულოცა:

„ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი. ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მე ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს - ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში“.

ღარიბაშვილის განცხადებითვე, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, წალენჯიხისა და მისი მოსახლეობისთვის გააკეთებს იმდენივეს, რამდენსაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის:

„ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული, ასე ვთქვათ, გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც“.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხს "დაჩაგრავს" - ხატია დეკანოიძე

22 ოქტომბერს, სენაკში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებში ოპოზიციონერი კანდიდატების გამარჯვება მოსახლეობისთვის თავის დასჯა იქნება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური მთავრობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს.