Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება მოსახლეობისთვის თავის დასჯა იქნება. მან სენაკში საარჩევნო საკითხებზე შეხვედრების შემდეგ თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება "მათ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს".

"სენაკში როგორი სიტუაცია გვაქვს - ერთ მხარეს არის ჩვენი ღირსეული, ახალგაზრდა კანდიდატი, პერსპექტიული, განათლებული კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია სენაკისთვის და არავითარი კონტაქტი არ ჰქონია სენაკთან. მე მინდა ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო - რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ?! მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულად ვიძახი, რომც არჩეულიყო.

ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დასჯა გამოდის...

სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას..." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სენაკში, ისევე როგორც საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტში, მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. პირველ ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ 40,3 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფიამ კი - 42,4 პროცენტი.

XS
SM
MD
LG