პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არის ის დეპუტატი, რომელმაც იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.
წერილში სულ 11 შეკითხვაა და 5 ნოემბრით თარიღდება. ერთ-ერთ მაგთანზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიერ პროდუქტების შესაძლო შეძენას ეხებოდა, თავად იუსტიციის მინისტრმა ილაპარაკა „რუსთავი 2"-ის ეთერში. სწორედ, დეპუტატის შეკითხვა გამოიყენა მინისტრმა საფუძვლად, რომ სააკაშვილის კვების თემაზე საჯაროდ ელაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ პარლამენტს უკვე უპასუხა და ეს ინფორმაცია ისედაც საჯარო გახდება. თუმცა დეპუტატ სარჯველაძის შეკითხვებისგან განსხვავებით, იუსტიციის სამინისტროს პასუხი ჯერჯერობით პარლამენტის ვებსაიტზე არ იძებნება.
დეპუტატ სარჯველაძის ერთ-ერთი შეკითხვა კი შემდეგია: „რამდენად გაზრდილია შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესებისა და საგანგებო სპეციალური სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა (იმის მხედველობაში მიღებით, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ვითარების სწრაფად გაუარესების რისკების შესახებ)? აქვე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობის შესახებ. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმარმა შეიძინა გარკვეული პროდუქტები, ასევე, რომ მოხდა ექიმების მიერ რეკომენდირებული გარკვეული პრეპარატების მიღება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ვადებზე, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ფლობდეს ამ საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას".
რატი ბრეგაძემ ამ საკითხზე საჯაროდ ილაპარაკა: „დიახ, მან [მიხეილ სააკაშვილმა] თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორ დღეში შემოსახლებიდან, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები და ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა". როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, სააკაშვილი ამ პროდუქტებს ახლაც იღებს.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებსმიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.