Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს


რატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკვები რაციონის შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში. როგორც ის აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.

„რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და მათ შორის, ერთი შეკითხვა შეეხებოდა, დიახ, საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა, დასმული იყო ასეთი შეკითხვა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება.

პასუხი იყო შემდეგი და აქვე გეტყვით, პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება, ეს ინფორმაცია. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორ დღეში შემოსახლებიდან, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები და ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა,“ - ამბობს რატი ბრეგაძე. როგორც მინისტრი ამბობს, სააკაშვილი ამ პროდუქტებს ახლაც იღებს.

მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

XS
SM
MD
LG