"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია, რომელიც საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი, მზად არის ხვალ, 6 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დროს, პოლიცია და სახელმწიფო უწყებები დაიცვას. კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას და მის თანამოაზრეებს აქვთ "დესტრუქციული ქმედებების" მოლოდინი.
"თუ ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიდაიზრდება დესტრუქციულ ქმედებებში და დაიწყებენ სახელმწიფო შენობების შტურმს ან პოლიციაზე თავდასხმას და დაანონსდება ტელევიზიით, რომ ეს არის გადატრიალების მცდელობა, ჩვენ კონსტიტუციური უფლება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა... თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, არ დავიწყებთ ამის ტელევიზორიდან ყურებას..." - ამბობს მორგოშია.
მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, "ჩატებში" გაერთიანებული 5 ათასამდე თანამოაზრის მობილიზებას შეძლებენ. მას იმედი აქვს, რომ თვითორგანიზებით სხვა მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
"რამდენიმე "უცნობი" ადამიანი იქნება იმ აქციაზე ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დააკვირდება, რა განწყობაა... ჩვენ გვყავს ინფორმატორები მაგათ ფლანგზე და საკმაოდ ხალხის მობილიზებას აპირებენ, არ არის გამორიცხული დესტრუქციული ნაბიჯი გადადგან", - ამბობს ის.
კოტე მორგოშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტი არ აქვთ:
"სამთავრობო უწყებებთან კონტაქტი არ გვაქვს. რად გვინდა? "ნაციონალური მოძრაობის" განწყობები და რევოლუციური განწყობები პირდაპირ ეთერში ჟღერდება".
ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისში, "ნაციონალური მოძრაობა" ხალხმრავალ აქციას მართავს. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, "სიურპრიზები" დააანონსა.
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გამართავს"ალტ-ინფო" კი, რომელიც ხვალინდელ აქციაზე "საჭიროების შემთხვევაში" გასვლას გეგმავს, ოთხი თვის წინ, 5 ივლისს იმ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო, რომლის მონაწილეებმაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცემეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს. ამ საქმეზე დაკავებულია 30-ზე მეტი პირი, თუმცა მათგან არცერთია ორგანიზატორი.
ასევე ნახეთ არცერთი ორგანიზატორი - ვინ დაიჭირა პოლიციამ 5 ივლისის გამო