4 ნოემბერს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკადრო ცვლილებას. წინა დღით საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ უმტკივნეულოდ დააკმაყოფილა ხუთი საკვანძო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მათ შორის, რუსეთთან გამოუცხადებელი ომის პირობებში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ანდრი ტარანის, თანამდებობიდან საკუთარი ნება-სურვილით წასვლის შესახებ დაწერილი პატაკები. მეორე დღეს, 4 ნოემბერს კი, სასწრაფოდ დაამტკიცა მათ შემცვლელთა კანდიდატურები.
უკრაინელი ექსპერტებისათვის ასეთი საკადრო ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა იმ აშკარა ჩავარდნის ფონზე, რაც თითქმის ყველა მიმართულებით ჰქონდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის მთავრობას. ექსპერტების გაკვირვებას უფრო ის იწვევს, თუ რატომ არ შეეხო საკადრო ცვლილება თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც პასუხს აგებს მთელი კაბინეტის მუშაობაზე.
უკრაინელი მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლება-დანიშვნის პროცედურა ვერხოვნა რადაში, სადაც 4 ნოემბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მივიდა, ოპოზიციის ხმაურიანი ბრალდებების ფონზე წარიმართა. დეპუტატმა გეო ლეროსმა პარლამენტის ტრიბუნიდან „მოღალატე“ უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის და სახელმწიფოს პირველ პირს მთელი ქვეყნის დასანახად შუათითი უჩვენა.
პრემიერ-მინისტრის პოსტის ნაცვლად „სამაგალითო დასჯა“
ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ალექსეი ლიუბჩენკო, ვიცე-პრემიერი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი, ვიცე-პრემიერი და სტრატეგიული წარმოების დარგების საქმეთა მინისტრი, ოლეგ ურუსსკი, თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რომან აბრამოვსკი - ეს არის უკრაინის მთავრობის ის ხუთი წევრი, რომელთა გადადგომის პატაკები უსიტყვოდ დააკმაყოფილა ჯერ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა და შემდეგ უკრაინის ვერხოვნა რადამ.
მართალია, ტრადიციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ყველა მათგანს გადაუხადა მადლობა გაწეული მუშაობისათვის, მაგრამ, როგორც ირკვევა, ზემოხსენებული მინისტრების მიმართ უამრავი პრეტენზია არსებობდა უშუალოდ მათ დაქვემდებარებულ სფეროებში შექმნილი სავალალო მდგომარეობის გამო.
მაგალითად, თავდაცვის მინისტრს საყვედურობდნენ იმას, რომ ჩააგდო ქვეყნის თავდაცვის რეფორმების პროგრამა და შემდეგ კონფლიქტში შევიდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან, ხოლო ეკონომიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერს, ალექსეი ლიუბჩენკოს, რომელსაც კულუარებში პრემიერ-მინისტრ შმიჰალის მემკვიდრედაც კი მოიაზრებდნენ, ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალების თანახმად, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ოფისში ეწვივნენ ჩხრეკის ჩასატარებლად ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.
„ამ საკადრო ცვლილებებში ყველაზე საყურადღებოა ლიუბჩენკოს მოხსნა, რადგან საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ზელენსკი ეკონომიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერს ამზადებდა პრემიერ-მინისტრ შმიჰალის ნაცვლად. ლიუბჩენკო მართლაც იქცეოდა, როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი, რაც პრინციპში დაძაბულობის მომენტს ქმნიდა ხელისუფლებაში. მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა შმიჰალის დატოვება და ლიუბჩენკოს სამაგალითო დასჯა, რაც დამახასიათებელია ზელენსკისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკაია პრავდას“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა იური პანჩენკომ.
სხვა უკრაინელი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ხუთი მინისტრის (რომელთაგან სამი ვიცე-პრემიერია) გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დააყენოს.
„წესით, უნდა შეიცვალოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს მთავრობის მუშაობის შედეგზე, ხოლო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც იყო მისი (დენის შმიჰალის) დანიშვნის ინიციატორი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს პოლიტიკის ექსპერტმა, ვალერი კლოჩოკმა.
დაადგა თუ არა ზელენსკი ავტორიტარიზმის გზას?
მაგრამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერჯერობით არ აპირებს პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის გათავისუფლებას, იმ ლოიალობის გამო, რომლის დემონსტრირებასაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსვამს ხაზს მინისტრთა კაბინეტის მეთაური.
„შმიჰალი - ეს პრემიერ-მინისტრი მულაჟია, რომელსაც მხოლოდ მესაჭის "გამაძლიერებლის" როლის შესრულება შეუძლია. მან გასულ კვირაში სიტყვასიტყვით თქვა, რომ არ გააკეთებდა კომენტარს მთავრობაში შექმნილ საკადრო ვითარებაზე, ვიდრე "ხალხის მსახურის" გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მე ვთვლი, რომ ეს არის სამარცხვინო, რადგან მთავრობის თავმჯდომარემ რაღაცნაირად უნდა დაიცვას თავისი მინისტრები, ვისთანაც ის მუშაობს. ახლა კი გამოდის, რომ მინისტრების მიმართ მას არ აქვს კითხვები, მაგრამ, როდესაც მთავრობის ლამის მესამედი "გააქვთ", ისე გამოდის, თითქოს ეს ყველაფერი ნორმალურია და არაფერი ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
ასევე ნახეთ რას ემსახურება უმაღლესი რადის სპიკერის გათავისუფლება - რა ხდება უკრაინაში?პრემიერ-მინისტრის ლოიალური დუმილის ფონზე, პროსაპრეზიდენტო მმართველმა პარტია „ხალხის მსახურმა“, რომელიც ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობას ფლობს, სამთავრობო ვაკანსიები კრეისერული სიჩქარით დააკომპლექტა.
თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი ჩაანაცვლა ალექსეი რეზნიკოვით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრით. ხოლო ალექსეი ლიუბჩენკოს ნაცვლად ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს იულია სვირიდენკო. საკადრო ცვლილების შედეგად უკრაინის მთავრობას კიდევ ერთი ქალი მინისტრი შეემატა - უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრად 4 ნოემბერს ვერხოვნა რადამ ირინა ვერეშჩუკი დაამტკიცა.
დანარჩენი ორი ვაკანსიაც, ცხადია, ზელენსკისა და მის აპარატთან დაახლოებული კანდიდატებით დაკომპლექტდა, რის გამოც პრეზიდენტის ლოიალურმა „ხალხის მსახურმა“ ვერხოვნა რადაში ფორმალური მოთხოვნებიც კი არ დაიცვა.
„ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ ვერხოვნა რადამ ისე გადააყენა მინისტრები, რომ მათ მოსმენაზე უარი თქვა, რაც წესების დარღვევაა. ითქვა, რომ ამაზე დროის ხარჯვა დასანანიაო... ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველაფერს პრეზიდენტი წყვეტს, ხოლო ვერხოვნა რადა მხოლოდ ბეჭედს უსვამს მის გადაწყვეტილებებს. და კიდევ, მინისტრების უმრავლესობამ თანამდებობა დატოვა ნებაყოფლობით, პრეზიდენტის თხოვნით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ავტორიტარიზმის გზაზე ვდგავართ“, - ამბობს იური პანჩენკო.
დეპუტატმა ლეროსმა ზელენსკის „მოღალატე“ უწოდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილების გარდა, 4 ნოემბერს ვერხოვნა რადაში კორუმპირებული გარემოს გამოც საყვედურობდნენ.
„გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო. ვხედავ, რომ თქვენი [ანდრეი] ერმაკიც (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.-რედ) აქ იმყოფება. მინდა გითხრათ, რომ მე არ მეშინია სიმართლის თქმის. თქვენ შეგიძლიათ მომისიოთ თქვენი სამართალდამცველი ორგანოები, აღძრათ საქმე, მაგრამ მე არ მეშინია სიმართლის თქმის... თქვენ ხართ ამ ქვეყნის მთავარი მოღალატე“, - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გეო ლეროსმა 4 ნოემბერს ვერხოვნა რადაში მისულ უკრაინის პრეზიდენტს.
ასევე ნახეთ უკრაინელმა დეპუტატმა ლეროსმა ზელენსკის "მოღალატე" უწოდა და შუა თითი უჩვენავოლოდიმირ ზელენსკის ლეროსის ამ სიტყვებზე რეაგირება არ ჰქონია. სამაგიეროდ, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, პრეზიდენტთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა, რუსლან სტეფანჩუკმა მეყსეულად მოახდინა რეაგირება და ოპოზიციონერ კოლეგას მიკროფონი გამოურთო. სპიკერის ასეთმა საქციელმა ლეროსი კიდევ უფრო გააღიზიანა და ტრიბუნიდან ჩასვლის დროს პრეზიდიუმს, სადაც პრეზიდენტი ზელენსკიც იმყოფებოდა, შუათითი უჩვენა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი გამოხდომის გამო, მმართველმა ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ თხოვნით მიმართა პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტს, რათა შეაფასოს დეპუტატ ლეროსის საქციელი და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სახალხო დეპუტატი გეო ლეროსი თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი და პროსაპრეზიდენტო პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, მაგრამ ამჟამად ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იქ ფესვგამდგარი კორუფციის გამო.
მიმდინარე წლის მარტში გეო ლეროსმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც პირი, რომელიც ძალიან წააგავს ანდრეი ერმაკის ძმას, დენისს, ხელისუფლებაში გარკვეული პირების დანიშვნასთან დაკავშირებით ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს. ამ მხილების პასუხად, ზელენსკიმ ლეროსს უწოდა „თაღლითი“ და განაცხადა, რომ ერმაკის ძმას არ აუღია ფული ხალხის თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ.
2020 წლის სექტემბერში „ხალხის მსახურმა“ გეო ლეროსი ფრაქციიდან გარიცხა.