ჩუღურეთის რაიონში, 40-ე უბანზე 23 ოქტომბერს ერთ-ერთი დამკვირვებელი ასეთ დარღვევას აფიქსირებს: გადასატანი ყუთის სიაში 10 ადამიანის გვარია, უბანზე მისულ დამკვირვებელს კი კომისიის წევრმა უთხრა, რომ ამ სიიდან 2 ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ისინი სიაში დარჩნენ. ამ შემთხვევაზე ეს არის ერთ-ერთი საჩივარი იმ განცხადებებს შორის, რომელიც ცესკომ მიიღო გადასატან ყუთებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
შედგენილი საჩივრებიდან ასეთი სურათი იხატება:
- მოქალაქეები, ვისზეც არსებობდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციას უჭერდა მხარს, გადასატანი ყუთის სიებში ვერ მოხვდნენ;
- საარჩევნო კომისიები დარღვევებით ადგენდნენ სპეციალურ სიებს;
- სიაში მოსახვედრად განცხადებებს წერდნენ არაუფლებამოსილი პირები, არის შემთხვევები, როცა რამდენიმე განცხადება ერთი და იმავე კალიგრაფიით არის დაწერილი ან მოქალაქეების ნაცვლად მათ ხელმოწერებს კომისიის წევრები აკეთებენ;
- უბანზე გარეთ გამოკრულ ამომრჩეველთა სიებში მყოფი ადამიანების რაოდენობა, განსხვავდება ჟურნალში გატარებული განცხადებების რაოდენობისგან;
- ზოგიერთ შემთხვევაში არ იძებნება წერილობითი განაცხადები და სატელეფონო ზარები გადასატანი ყუთის მოთხოვნით კომისიებს საეჭვო ინტენსივობით აქვთ მიღებული და აღნუსხული.
ცესკოში ამბობენ, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველია უპირატესი და თუკი ვინმეს ხმის მიცემა სურს, მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიის წევრმა დოკუმენტაცია არასწორად შეავსო.
გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა ხმები, უბანზე შედგენილ ოქმში ცალკე არ არის გამოყოფილი, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, რომელი კანდიდატის სასარგებლოდ აკეთებდნენ სახლში დარჩენილები არჩევანს, თუმცა საჩივრების ავტორთა უმეტესობა თვლის, რომ გადასატანი ყუთი არის გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის მექანიზმი არჩევნების დღეს და შესაძლოა ამ მექანიზმის გამოყენებით ხელისუფლების მხარდამჭერები ხმას ამ გზით ორჯერ აძლევდნენ ან ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს შეეზღუდოთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
ასევე ნახეთ 30 124 ბათილი ხმა - ბრძოლა თითოეული ბიულეტენისთვისთიანეთი
„ნოქალაქრის #11 საარჩევნო უბანზე 2021 წლის 27 ოქტომბერს დარეკა მოხუცებულმა ნინა ყაყიჩაიშვილმა, რომელსაც გადაადგილება უჭირს და მოითხოვა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანა, შეუქმნეს პრობლემები, მაგრამ სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ მოხდა მისი განაცხადის მიღება. დღეს, 28 ოქტომბერს, აღმოჩნდა, რომ გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი არ არის. როგორც გაირკვა არ ჩატარებულა კომისიის სხდომა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიის შედგენისას“ - ეს საჩივარი თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს შევიდა. იგი დამკვირვებელმა მარინა ხუცურაულმა დაწერა, ორგანიზაციიდან „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“. ეს არ არის ერთადერთი საჩივარი, რომელიც თიანეთის ოლქში გადასატანი ყუთის სიებთან დაკავშირებით დაიწერა.
„2021 წლის 27 ოქტომბერს #5 ბოჭორმის საუბნო საარჩევნო კომისიის გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლები ამორიცხეს სიიდან მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან "ჩავარდნილები" და არ შეუძლიათ გადაადგილება, ისინი ვერ აღმოჩნდნენ გადასატანი ყუთის სიაში. არ ჩატარებულა კომისიის სხდომა და კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება, ვინ დაეტოვებინა გადასატანი ყუთის სიაში, კომისიის თავმჯდომარე შეგნებულად იმალება და არ პასუხობს ტელეფონზე, რომ გაარკვიონ ვინ მიიღო გადაწყვეტილება სიის თაობაზე“, - ეს საჩივარი თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში თამარ კვნაწაშვილმა შეიტანა, ის წარმოადგენს ორგანიზაციას „უფლებადამცველები სამართლიანობისთვის“. მეხუთე უბანი 30 ოქტომბერს ოპოზიციონერმა კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა მოიგო. უბნის ხელახლა გადათვლის შემდეგ პირველადი შედეგები არ შეცვლილა. თამაზ მეჭიაურმა აქ 3 ხმით მოუგო „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან წიკლაურს, რომელიც თიანეთის მერი გახდა. მან მეჭიაურთან შედარებით ჯამში 571 ხმით მეტი მიიღო 30 ოქტომბერს.
თამარ კვნაწაშვილს თიანეთში კიდევ ერთი საჩივარი აქვს მეოცე საარჩევნო უბანზე დაწერილი. თამარი წერს, რომ კომისიის წევრმა არასწორად გასცა 5 ბიულეტენი, რაც დასტურდება ამ უბანზე დაწერილი შესწორების ოქმითაც. რეგისტრატორმა 5 ამომრჩეველზე მერის ბიულეტენები გასცა, მაგრამ არ გასცა მაჟორიტარი კანდიდატების ბიულეტენები. ეს უბანიც მათ შორის არის, რომელიც ხელახლა გადაითვალა და გადათვლას შედეგები არ შეუცვლია. აქ ჯამში 17 ბიულეტენი გაბათილდა. ეს უბანიც თამაზ მეჭიაურმა მოიგო.
თბილისი
„26 ოქტომბერს, 15 საათისთვის დიდუბეში, მე-14 საარჩევნო უბანზე სარეგისტრაციო ჟურნალის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 24 ოქტომბერს მასიურად არის შესული ზარები გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით - ზარებს შორის ინტერვალი წარმოადგენს ზუსტად 5 წუთს. ეს ბადებს ეჭვს, რომ ჟურნალში განცხადებები ჩაწერილია ერთიანად და გატარებულია არასწორი დროის მითითებით. მოვითხოვ, კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რომ განცხადებები ჟურნალში სწორედ ჟურნალში გატარებულ დროს არის შესული“, - ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ელენე მეფისწვერიძის სარჩელია. ამავე ოლქში გადასატანი ყუთის სიებზე მას კიდევ ერთი სარჩელი აქვს დაწერილი, #9 საარჩევნო უბანზე 24 ოქტომბერს. აქ გადასატანი ყუთის სიით სარგებლობის მსურველთა განცხადებები ჟურნალში დახურვის შემდეგ არის გატარებული. საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მიხედვით, კომისია განცხადებებს იღებს დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. 18:00-ზე ჟურნალი უნდა დაიხუროს და დახურვის შემდეგ მასში განცხადებები არ კეთდება. კანონი ასევე მოითხოვს, ჟურნალში გატარებული განცხადებები თანხვედრაში იყოს საარჩევნო უბანზე გარეთ გამოკრულ ამომრჩეველთა სიასთან, რომლის ნაწილიცაა გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა სია. სარჩელებში ვხვდებით შემთხვევებს, როცა დამკვირვებლებს კომისიის წევრები არ აჩვენებენ ჟურნალს, ან ჟურნალისა და გარე სიის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა.
„19 ოქტომბერს ჩუღურეთში, #45 საარჩევნო უბანზე აღმოვაჩინე, რომ გადასატანი ყუთის სია, რომელიც კედელზე იყო გამოკრული, სრულიად იდენტურია 2 ოქტომბრის გადასატანი ყუთის სიისა. შესაძლოა, იმ ამომრჩეველს, რომლებიც იყვნენ სიაში, მართლაც სჭირდებათ გადასატანი ყუთი, მაგრამ კომისიის წევრებმა, რომლებიც იმ დროს ადგილზე იყვნენ, არ იცოდნენ, როდის შემოვიდა სია, რადგან შემოსვლის თარიღი არ ეწერა სიას და თარიღი, რომელიც მასზე იყო მითითებული, იყო 2012 წელი. ძალიან საინტერესოა რატომ არის გადასატანი ყუთის სიის ამომრჩევლები დათარიღებული 2012 წლით!“
„ჩუღურეთში, მერვე უბანზე რამდენიმე განცხადება იყო ერთი კალიგრაფიით შევსებული გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რაც ასევე დაადასტურა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ. აღნიშნული განცხადებები იყო შევსებული და უბანზე მიტანილი არაუფლებამოსილი პირის, მეზობლის მიერ“.
„სამგორის #17 უბანზე კედელზე გამოკრული გადასატანი ყუთის სიაში არ არის მითითებული მისამართები“.
„გლდანის #7 საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის ჟურნალში დაფიქსირებულია 24 მოქალაქის მოთხოვნა გადასატან ყუთთან დაკავშირებით, ხოლო კედლის გადასატანი ყუთის სიაში მითითებულია 12 მოქალაქე“.
„ვაკის #60 უბანზე 29 ოქტომბერს გადავამოწმეთ გადასატანი ყუთის სია იმაში დასარწმუნებულად, რომ მიმართული ამომრჩევლების მონაცემები სწორად იყო შეყვანილი. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და სარეგისტრაციო ჟურნალის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ჟურნალის ჩანაწერებში ფიქსირდებოდა მხოლოდ 5 ამომრჩეველი, რომლებმაც მიმართეს კომისიას გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნით. კედლის ყუთით მოსარგებლეთა სიაში იყო 19 ადამიანი. ამ უბანზე ჩვენი დამკვირვებლის ყოფნისას იმყოფებოდა ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილი და ამვე კომისიის წევრი ნანა ცინდელიანი, რომლებიც ეცნობოდნენ ადგილზე არსებულ შემთხვევას. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითებით, საუბნო კომისიას დაევალა ახსნა-განმარტების დაწერა შემდეგი შინაარსით, რომ კომისიას დაავიწყდა სარეგისტრაციო ჟურნალში ამომრჩეველთა დარეგისტრირება. ჩვენ მოვითხოვეთ იმ 14 ამომრჩევლის ამოღება გადასატანი ყუთის სიიდან, რომლებიც მოცემულ დრომდე არ ფიქსირდებიან სარეგისტრაციო ჟურნალში“.
ეს ფრაგმენტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეი-პი-ემ ჯორჯიას“ დამკვირვებლების მიერ თბილისის სხვადასხვა უბანში შედგენილი საჩივრებიდანაა.
„გადასატანი ყუთის სიაში მოსახვედრად არის ორი გზა: ან ვინმე ახლობელი, ოჯახის წევრი, მეზობელი, ნათესავი აკეთებს განცხადებას მის ნაცვლად, ვისაც არ შეუძლია გადაადგილება და სჭირდება გადასატანი ყუთით სარგებლობა. შესაძლებელია ტელეფონითაც გაკეთდეს განცხადება: რეკავენ ცესკოში ცხელ ხაზზე, ჩვენ ვაძლევთ კონკრეტული უბნის თავმჯდომარის ან მდივნის ტელეფონის ნომერს, შემდეგ რეკავენ მათთან და აკეთებენ ზეპირ განცხადებას. ორივე შემთხვევაში მდივანმა უნდა გაატაროს განცხადება სარეგისტრაციო ჟურნალში და ასევე დაუყოვნებლივ აკრავს თვალსაჩინო ადგილზე საარჩევნო უბანზე. ამის გადამოწმების უფლება აქვთ ჩართულ მხარეებს, მათ შორის, დამკვირვებლებს. ცესკოსაც აქვს უფლება, გადაამოწმოს, კონკრეტულ უბნებში ამ პირებს სჭირდებათ თუ არა ნამდვილად გადასატანი ყუთით სარგებლობა“, - განმარტავს ცესკოს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი. ის ამბობს, რომ საუბნო კომისიის წევრები ძალიან კარგად იცნობენ თავიანთ ამომრჩეველს, რომელთა რაოდენობა 1500 ადამიანზე მეტი არცერთ შემთხვევაში არ არის და ისიც იციან, ვის შეიძლება დასჭირდეს გადასატანი ყუთი.
ასევე ნახეთ დარღვევები, შეცდომები, აგრესია - 8 საარჩევნო სარჩელის ამბავი„26 ოქტომბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეი-პი-ემ ჯორჯიას" დამკვირვებელი იმყოფებოდა ჩუღურეთში, #27 საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის მდივანი თვითონ ადგენდა გადასატანი ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების განცხადებებს. სარეგისტრაციო ჟურნალში არ არის მითითებული განმცხადებლების სატელეფონო ნომრები. კომისიის მდივანი თავად აწერდა განცხადებებს ხელს მოქალაქეების ნაცვლად. ეს ფაქტი იძლევა საკმარის მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ კომისიას გარკვეულმა პირებმა გადასცეს გადასატანი საარჩვნო ყუთი სიაში შესაყვან ამომრჩეველთა წინასწარ გამზადებული სიები, კომისია კი ცდილობდა, რომ აღნიშნული სიები თვითონ, რეალური განმცხადებლების გარეშე დაერეგისტრირებინა“, - ეს საჩივარიც თბილისშია დაწერილი და მისი ავტორი ენმ-ის წარმომადგენელი თორნიკე ფრანგიშვილია. საჩივარში აღწერილი შემთხვევა, როცა არც სატელეფონო ზარი ფიქსირდება და განცხადებასაც კომისიის წევრი ავსებს ამომრჩევლის ნაცვლად, მოქმედი წესების დარღვევას წარმოადგენს. საჩივარი ჯერ განხილული არ არის და მასზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება ცესკოს მომდევნო დღეებში მოუწევს.
„არჩევნების დროს მთავარი პირი არის ამომრჩეველი. თუ მე დავრეკე და გავაფრთხილე კომისიის წევრი და ამის მიუხედავად არ მოვხვდი რეგისტრაციის ჟურნალში, ეს ხომ არ არის ჩემი, ამომრჩევლის დანაშაული. ეს არის კომისიის წევრის დანაშაული და თუკი რაიმე ჩანაწერი არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ამომრჩეველს სჭირდება და მოითხოვა გადასატანი ყუთით სარგებლობა, ამომრჩევლის უპირატესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან უნდა მივიდეს ყუთი და შემდეგ კომისიამ იმსჯელოს იმაზე, რატომ დაუშვა შეცდომა კომისიის წევრმა“, - ასე ხსნის აცდენებს და შეუსაბამობებს სიებსა და ჟურნალებში არსებულ მონაცემებს შორის ნათია იოსელიანი.
შეუსაბამობა იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალში მეტია გატარებული და გარე სიაში ნაკლები, შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ კომისიამ გადაამოწმა განმცხადებელი და არ ჩათვალა საჭიროდ მისი საარჩევნო სიაში ჩასმა იმის გამო, რომ მას შეუძლია თავად მივიდეს უბანზე. რეგისტრაციის ჟურნალში გატარებული უნდა იყოს არა მხოლოდ მოქალაქეთა მიმართვები, არამედ კომისიის სხდომები და გადაწყვეტილებებიც, რომელიც სიის ფორმირებისთვის გახდა საჭირო.
კანონი ითვალისწინებს შეზღუდვას, რომლის თანახმადაც, თითო უბანზე გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ზე მეტი.
სენაკი
„22-25 ოქტომბერს სენაკის #22 საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, დათუნა გაბელაიას დაურეკა ამ უბნის ამომრჩევლის თამაზ ხუნჯუას მეუღლემ, სვეტლანა ხუნჯუამ და კანონის შესაბამისად მოითხოვა მისი მეუღლის გადატანი ყუთის სიაში შეყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კომისიამ ეს ამომრჩეველი დაარეგისტრირა, მაგრამ 29 ოქტომბერს აღმოჩნდა, რომ ის ამოღებული იყო გადასატანი ყუთის სიიდან.
ანალოგიური მოხდა ამომრჩეველ ცუცა გაგუას შემთხვევაშიც, რომლის შესახებაც მისმა რძალმა დენიზა გოგოხიამ დარეკა კომისიაში და დაარეგისტრირა კომისიაში. 29 ოქტომბერს ცუცა გაგუაც ამოღებული იყო გადასატანი ყუთის სიიდან.
ანალოგიური მოხდა ამომრჩეველ ზაირა შულაიაზეც, რომლის შესახებაც კომისიას დაურეკა მისმა შვილიშვილმა. 29 ოქტომბერს არც ზაირა შულაია აღარ იყო გადატანი ყუთის სიაში.
ანალოგიური მოხდა ამომრჩეველ დინარი შუბლაძეზეც, რომლის შესახებაც მისმა შვილმა დაურეკა საუბნო კომისიას“, - ეს ენმ-ის წარმომადგენლის, ანდრო ნიკოლაიშვილის სარჩელია. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკიში, სადაც ეს უბანი მდებარეობს, გადასატანი ყუთით სარგებლობის მსურველების ნაწილის ხელით მიყვანა მოუწიათ ოჯახის წევრებს, იმის გამო, რომ კომისიებმა ისინი სიებიდან ამოიღო. ანდრო ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მობილიზაციის და ოპოზიციური ამომრჩევლის აქტიურობის ფონზე ყველა ხმას ითვლიდა და მათ, ვისი განწყობების შესახებაც იცოდა, მაქსიმალურად უქმნიდა ბარიერებს. საჩივარში ხსენებულ 4 პირსაც, მისი ვარაუდით, სახლში იმიტომ არ მიუტანეს გადასატანი ყუთი, რომ კომისიის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია მათი პოლიტიკური სიმპათიების თაობაზე.
„ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ 27-ში ეს ხალხი იყვნენ სიებში. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ იცოდა, რომ ისინი ხმას არ აძლევდნენ "ქართულ ოცნებას" და ამოიღო სიიდან. ასეთი, მე რაც ვიცი, მინიმუმ 15 უბანზე მოხდა სენაკში, უბრალოდ მე სენაკში გვიან ჩავედი, 28-ში, და ყველას ოჯახის წევრის ნახვა ვერ მოვასწარი, რომ საჩივრები მათზეც დამეწერა. ამ კონკრეტულ ადამიანებზე, ვიზეც სარჩელი დავწერე, მარტო მე დავრეკე ცესკოში დაახლოებით ექვსჯერ. საუბნო კომისია ამბობდა, საოლქომ ამოიღო სიიდანო და სენაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარე საერთოდ არ მგონია მთლად ჯანმრთელი: საკითხს ვიკვლევო, მეუბნებოდა არჩევნების წინა დღეს. ცესკოს ცხელ ხაზზე ვთქვი კიდეც, რომ ასეთმა ადამიანებმა მიიყვანეს ეს ქვეყანა ამ დღეში“, - ამბობს ანდრო ნიკოლაიშვილი.
სენაკის 22 უბანი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ გადელიამ მოიგო 17 ხმით.
გადასატან ყუთებთან დაკავშირებული პრობლემები არჩევნებისთვის სიახლე არ არის და ამ თემაზე დაწერილი საჩივრები და აღნუსხული დარღვევები, როგორც წესი, ცესკოსთვისაც და დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვისაც ნაცნობი თემაა. მხოლოდ 31 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, მხოლოდ სამართლიანმა არჩევნებმა 16 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საარჩევნო სიებსა და გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები. ISFED-ი დარღვევებს აღრიცხავს თბილისის 6, ზუგდიდის 3, ქუთაისისა და ფოთის 2-2 უბანზე, ბათუმში, ოზურგეთსა და თელავში - თითო-თითო უბანზე.
*საჩივრების ტექსტები შეცვლილია მცირედით, სტილი დაცულია