სააკაშვილი: მანდატების დატოვება პატრიოტობაა... მაგრამ ჩემთან შემოსასვლელად საჭიროა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა რუსთავის ციხეშია, აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელების მხრიდან საპარლამენტო მანდატების დატოვების სურვილი პატრიოტული მიდგომაა, თუმცა მასთან შესასვლელად პარლამენტარის მოქმედი სტატუსი აუცილებელია. მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მისი "ფეისბუკიდან" გავრცელდა.

"ეს პატრიოტული მიდგომა ძალიან მახარებს. მაგრამ აქვე ჩნდება კონკრეტული კითხვები. ჩემთან ციხეში შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამისთვის, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა. ამიტომ ბოიკოტი რჩება ძალაში და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, "ქართულ ოცნებას" მარტო დატოვებენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტაქტიკური ამოცანები გადაიჭრება, ყველა უარს იტყვის მანდატზე.

"ეს გამარჯვება უნდა გავუფორმოთ ხალხს და სწორედ ამისთვისაა საჭირო ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა. მთავარი ამოცანაა - სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქის მაღალი ჩართულობა, წუწუნისა და პესიმიზმის სრული იგნორირება და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო", - აღნიშნულია მიმართვაში.

გუშინ 1 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დეპუტატების ნაწილი უარს ამბობდა საპარლამენტო მანდატზე, სააკაშვილის ადვოკატმა, მესამე პრეზიდენტის მიმართვა გაავრცელა. ამ მიმართვით სააკაშვილი დეპუტატებს მოუწოდებდა, რომ უარი ეთქვათ მანდატზე.

"უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და პარლამენტში წესიერი ხალხისადმი, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ მარტო დატოვონ საკუთარ თავთან", - ეწერა სააკაშვილის მიმართვაში.

1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს ტოვებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: ლევან ვარშალომიძე, ანი წითლიძე და ნონა მამულაშვილი, ასევე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. 31 ოქტომბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც.

ასევე ნახეთ პაპუაშვილის თქმით, თუ ენმ-ის წევრები პარლამენტს დატოვებენ, ამით დემოკრატიულ პროცესებს გაემიჯნებიან

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.