"დროას" ლიდერი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია 7 ნოემბერს არ გაიმართება. მისი თქმით, ეს იყო გაუგებრობა და დეტალებზე "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"არც უნდა დაზუსტება, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ 7 ნოემბერს. რა თქმა უნდა, თარიღი უნდა დანიშნოს ნაციონალურმა მოძრაობამ, ასე ინდივიდუალურად მე ვერ გადავწყვეტ. არ დავიწყებ პრანჭვას, აბსოლუტურად არასწორი მგონია, სალაპარაკოც არ არის, რომ 7 ნოემბერს არ უნდა იყოს აქცია. არ ვიცი 6-ში იქნება თუ 8-ში - ან აქეთ გადაიწევს ან იქეთ... 6-ში იგეგმებოდა და შაბათ-კვირის არევა იყო და ამიტომ იყო გაუგებრობა", - თქვა ხოშტარიამ.
"ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ არ დაუზუსტებია აქციის გამართვის თარიღი.
7 ნოემბერი არის თარიღი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენლებს დღემდე ახსენებენ. 2007 წელს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია თბილისში რამდენიმე წერტილში შეკრებილი მოქალაქეები. ამ დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედის" შენობაში შეიჭრა, დააზიანეს არხის ტექნიკა და მაუწყებლობა გათიშეს.
სწორედ შემდეგი კვირა, 7 ნოემბერი დაასახელა აქციის გამართვის თარიღად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს, 31 ოქტომბრის აქციაზე. მან მოქალაქეებს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მისვლისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ ოპოზიციამ 7 ნოემბერს თბილისში აქცია დააანონსა30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იმავეს ამბობენ მასთან კოალიციაში მყოფი "ლელოსა" და "დროას" ლიდერები და აცხადებენ, რომ "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადებიან.