სუს-ი ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის გამოძიებაზე: გუშინ მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი გავასაჯაროვეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიების შესახებ. სუს-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარე გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება 29 ოქტომბერს მიზნად ისახავდა მოქალაქეების გაფრთხილებას, რათა მათ ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილობა არ მიიღონ ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს და მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ.

"საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი ახორციელებდა შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად. გამოძიების ფარგლებში დაუყონებლივ გატარდა სათანადო ზომები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, გუშინ იხილა საზოგადოებამ.

გამოძიების დაწყებისა და წარმოების ლეგიტიმური მიზანი გახლავთ დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და მის განხორციელებაში ჩართული პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ზომების გატარება. ხსენებული მიზნის მისაღწევად საგამოძიებო ორგანოში ყოველწუთიერ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

29 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

სუს-ის თანახმად, "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #18 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით, მისასვლელი გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში ეტაპირების დროსაც", - განცხადების სტილი დაცულია.

ასევე ნახეთ ბესო წერედიანი: რაც სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, ყოველდღე ვწერ „ფეისბუკზე“

მსგავსი სცენარის გაჟღერება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო. მან "იმედის" ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში დაიწყებოდა მუდმივი ქაოსი.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, რომ რამენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, რომ ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში... გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება და აქაც ვუბრუნდები პირველ სცენარს [პოლიტიკოსების მოკვლა], იგივე სცენარია ერთი-ერთში", - თქვა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ სუს-ის აუდიოჩანაწერი - ბრალდებები არჩევნების წინა დღეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში.