დროდადრო კარგი ხალხის მიერ Youtube-ზე დადებულ ძველ ქართულ სიმღერებში ვიქექები ხოლმე. აქა-იქ ან ბავშვობაში ერთხელ მოსმენილ სიმღერას აღვიდგენ და ნოსტალგია შემომაწვება, ან რამე კარგად დავიწყებულ ძველს აღმოვაჩენ.
აი, ძალიან იშვიათად კი ისეთ რამეს წავაწყდები, არც არასდროს რომ გამიგონია და ძალიან კარგი რომაა.
ჰოდა, ერთი კვირის წინ შემთხვევით „ივერიის“ „დაწყნარდი გულო“ ჩავრთე და მას შემდეგ, მგონი, მაინცდამაინც არც გამომირთავს.
დასაწყისიდან ბოლომდე მომნუსხველია. 1980 წელს დაწერილი სიმღერაა (ალექსანდრე ბასილაიასია, ცხადია) , არადა თავიდანვე პიანინო რომ იწყება, ნებისმიერ თანამედროვე კომპოზიციას დააკვდებოდა სემპლად, ტექნოდან, რავი, კანიე უესტამდე.
და მანანა თოდაძის შესრულება? „პორტისჰედის“ კაეშანის სიო უბერავს, არადა ბეთ გიბონსის სახელს კარგა 10 წლის მერე გაიგებდა ხალხი.
და ტექსტი? ეხლა, შეიძლება ძაააალიანაც განსაკუთრებული არ იყოს, მაგრამ „წივიან, წივიან მავთულებს“ თქვენთან არ მოაქვს? ჩემთან, იცოცხლე, რამდენიც გინდა.
არა, განა არ ვიცი რომ „ივერია“ საქართველოში უცნობი ბენდი არასოდეს ყოფილა და ეს სიმღერაც, შეიძლება ბევრმა იცოდით - სხვა თუ არაფერი, 100 ათასამდე ნახვა აქვს „იუტუბზე“.
მაგრამ, აი, როგორც ჩანს, მე მრავალი წლის განმავლობაში ამცდენია ეს სიმღერა. ვინძლო, თქვენც არ იცოდით.
თუ ასეა, გილოცავთ! წესით ძალიან ისიამოვნებთ!