სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მიბმულია ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე

ფოტო არქივიდან

რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ამომრჩეველს მიმართავს და აქტივობისკენ მოუწოდებს. მის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ არჩევნებზეა დამოკიდებული მისი ბედი.

"მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ. თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ...

ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისათვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე.

დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი და ე.ი. გამარჯვებული ხვალის იმედი...", - თქვა ადვოკატმა.

ასევე ნახეთ სააკაშვილი ისევ წყვეტს მედიკამენტების მიღებას და უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე

საქართველოს 20 ქალაქში 30 ოქტომბერს მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტური იმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.