„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ.
პარტიის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ შეშფოთებულნი არიან ცნობებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს შესაბამის სამოქალაქო ჰოსპიტალში. „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებით, თუ ეს არ გაკეთდება, ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე.
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა ინსტიტუტში.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი ციხის კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს: ამ სიტუაციას დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლებაადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.
ასევე ნახეთ მრავალპროფილური კლინიკა აკვიატებული აზრი არ არის - ინტერვიუ ექიმ ზურაბ ფაღავასთან ასევე ნახეთ რატომ (არა) ციხის საავადმყოფო?საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.