პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თბილისში დაგეგმილი აქციის წინ, მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ აჰყვებიან „მდარე პროვოკაციას“.
„მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და, სამწუხაროდ, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა, ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას“, - განაცხადა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, დღეს გაიმართება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება და „ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს სიკეთის, ჰუმანურობისა და პროგრესის სასარგებლოდ აკეთებს და ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანახმად, პარტიაში კარგად ესმით, რომ მასშტაბურმა შეკრებამ შესაძლოა, მოქალაქეებს გადაადგილებისას დისკომფორტი შეუქმნას, მაგრამ მადლობას უხდიან საზოგადოებას, რომელმაც „ზუსტად იცის, რომ, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს საკითხია“.
მმართველი პარტიის მიერ თავისუფლების მოედანზე, დღეს, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე დანიშნული აქციის გამო, თბილისის ცენტრში შეზღუდვები დაწესდა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და გამზირზე გამომავალი ქუჩები. თბილისის ცენტრალური გამზირისკენ მიმავალ არაერთ ქუჩაზე, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეზღუდულა, შეუძლებელია სადგომებზე ავტომანქანების გაჩერება.
ასევე ნახეთ აქციის გამო თბილისში მოძრაობა შეზღუდულია - ნახეთ, როგორ შეიძლება გადაადგილებააქციას, რომლის გამოც მოქალაქეები რეგიონებიდან დედაქალაქში ავტოკოლონებით, ორგანიზებულად მიდიან, „ქართული ოცნება“ უწოდებს წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას, 30 ოქტომბერს დანიშნული, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ. ოპოზიცია მმართველი პარტიის აქციას მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს გამართული ხალხმრავალი შეკრების კონტრაქციად.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე ჰიმნით დასრულდაოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებენ აქციისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულებით მობილიზებასა და მოქალაქეთა ნაწილის მოსყიდვაშიც. ამ ბრალდების შესახებ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის პასუხად, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ეს სიმართლე არ არის და "განსაკუთრებით ნაცმოძრაობის მედიებს" მიმართა, თავი დაანებონ "ხალხის დევნას და ბულინგს".