27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება. არჩევნებამდე სამი დღით ადრე აქციაში მონაწილეობის მისაღებად მმართველ პარტიას მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოჰყავს რეგიონებიდანაც.
აქციასთან დაკავშირებით 26 ოქტომბრის საღამოდან თბილისში შეიზღუდა საგზაო მოძრაობა. დედაქალაქის ცენტრსი სამანქანო მიმოსვლისთვის გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. მიმდებარე ქუჩების პარკინგის ზონები განთავისუფლდა დემონსტრანტების ავტომობილებისთვის.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "ქართული ოცნებისგან" წერილი მათ ერთი კვირის წინ მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტია აპირებდა ხალხმრავალი აქციის გამართვას 100 000 ადამიანის მონაწილეობით.
"თბილისის მერიამ წერილი ინფორმაციისთვის გადაუგზავნა შსს-ს, რომელმაც დაგეგმა დამატებითი ღონისძიებები, რათა აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა. ხალხმრავალი აქციების უზრუნველყოფას თბილისის მერია ახორციელებს ნებისმიერი პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქციის დროს, კანონის შესაბამისად", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიიდან წერილობით მიიღო.
თბილისის რომელ ქუჩებზეა შეზღუდული მოძრაობა, როდემდე და რომელი ქუჩებით შეიძლება გადაადგილება?
მმართველი პარტიის საარჩევნო აქციის გამო ავტომობილების გადაადგილება 26 ოქტომბრის ღამის 12 საათიდან შეზღუდულია კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.
შეზღუდულია მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, თუ ვინმეს ფულის სანაცვლოდ მათ აქციაზე წასვლას ჰკადრებენ, არ მივიდეს ასევე ნახეთ "ოცნების" მხარდასაჭერად თუ "ნაციონალების" წინააღმდეგ? - აქციაზე ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოჰყავთ"მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე თავისუფლების მოედანზე", - ასე მიმართა აქციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებს პარტიის პრესსპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების" აქციას წინ უსწრებდა 14 ოქტომბერს თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 27 ოქტომბრის აქცია არ არის ე.წ. კონტრაქცია და რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოსაყვანად მათ მხოლოდ მძღოლი სჭირდებათ იმდენი, რამდენი მონაწილეც ენმ-ის აქციას დაესწრო.