საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთში მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს და ყოფილ თანაგუნდელს, თამაზ მეჭიაურს სთხოვს, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე მმართველი პარტიის "ახალგაზრდა, ნიჭიერი" კანდიდატის სასარგებლოდ. თამაზ მეჭიაურმა 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 30% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 43%.
"თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი.
მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას" - თქვა პრემიერ-მინისტრმა დღეს თიანეთში წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე ღარიბაშვილი მრავალპარტიულობის წინააღმდეგ გამოვიდა და მმართველი პარტიის წარუმატებლობები საკრებულოში ოპონენტების არსებობას დააბრალა.
თამაზ მეჭიაურმა პრემიერის ინიციატივის პასუხად თქვა, რომ "ცენტრში არ არის გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს მერი და არც მაინცდამაინც ლტოლვა აქვს ამ თანამდებობის მიმართ." მეჭიაური ამბობს, რომ მისი მიზანი თიანეთის მიმართ რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთებაა და მმართველ პარტიასთან ოპონირების რეჟიმიც ამ სურვილით იყო გამოწვეული. თამაზ მეჭიაური 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მერად და 2020 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას.
"თიანეთი კარგი მაგალითია იმიტომ, რომ 4 წლის წინ გაიმარჯვა დამსახურებულად თამაზ მეჭიაურმა და ეს 4 წელი იყო არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე.
ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის და კოორდინაციის არარსებობა. ამას ვგულისხმობდი, როცა 2 დღის წინ გავაკეთე კომენტარი და ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ იტყვიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, მეორე ტურებს, ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერც ერთ ქალაქში ისინი ვერ იმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარ კვლევებით, გამოკითხვებით და ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების" - თქვა პრემიერ-მინისტრმა. ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომელსაც ის ახსენებს, პრემიერის 22 ოქტომბერს სენაკშვი კობა ნაყოფიას მისამართით ნათქვამი ფრაზაა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ გალაშქრებად მიიჩნია.
ასევე ნახეთ ამერიკის პრეზიდენტი ჩემზე ასაკოვანია, რა ნახა პრემიერმა ჩემს ასაკში ასეთი?! - ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთანირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ყოფნისას მედიასთან საუბარში "ქართული ოცნების" კანდიდატის უპირატესობებზე საუბრისას, თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სენაკის მერობის ოპოზიციური კანდიდატის კობა ნაყოფიას გამარჯვების შემთხვევაში, ის ხელისუფლების გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს", ნაყოფიას "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხს "დაჩაგრავს" - ხატია დეკანოიძეთამაზ მეჭიაური, მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, 2012-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. "ქართული ოცნება" მან 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა და დააფუძნა პარტია "ერთიანი საქართველოსთვის", რომლის თავმჯდომარეცაა დღემდე.
"ის განიხილავს ადგილობრივ თვითთმართველობას, როგორც დანამატს ცენტრალური ხელისუფლებისა. თუ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა თვალი, ეს არის გუბერნატორები და რაც შეეხება მერებს, მათ ირჩევს ხალხი და ისინი ზუსტადაც უნდა იყვნენ ხალხის წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებაში და ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს მონური მორჩილება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ" - ამბობს თამაზ მეჭიაური ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას. ის თვლის, რომ მმართველი პარტია დღეს განიხილავს ბიუჯეტს, როგორც "პარტიულ ობშიაკს".
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში იმართება მერების ასარჩად. თიანეთის, ცაგერისა და ოზურგეთის გარდა 20-ივე ქალაქში ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მმართველი პარტიის კანდიდატები უპირისპირდებიან.