საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ამბობს, რომ ის "სხვა პატიმრებისგან არაფრით განსხვავდება".
"ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს?! პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, ეს მინდა ვუთხრა ყველას. რამდენიმე ათასი პატიმარი ზის ციხეებში და მათაც სჭირდებათ მზრუნველობა. პატიმარი სააკაშვილი არაფრით არ არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის, ხალხის და მომავლის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს - როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება", - თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორც ადვოკატები ამბობენ, დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან ამ დრომდე შიმშილობს. მისი მდგომარეობა კი მძიმდება.
"ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად", - თქვა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა.
დაახლოებით 10 დღის წინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ "აღარ უნდა პატიმარზე ილაპარაკოს".
"მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, მე ვფიქრობ, ბევრი განცხადებები გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო. სააკაშვილი ჩამოვიდა მხოლოდ ერთი მიზნით, მოეხდინა არეულობა, მათ შორის, მკვლელობის განხორციელებაც", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე.
ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე: მე აღარ მინდა, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენიამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 19 ოქტომბერს განმარტა, რატომ "უწევთ" ახლა სააკაშვილზე საუბარი.
"ერთი რამ მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ, მე და ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს... ნუ [ახლა] არჩევნებია და მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, შევახსენოთ რეალობა მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 მუნიციპალიტეტში ტარდება, მათგან ხუთი თვითმმართველი ქალაქია. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს არის ჩანიშნული.