სუს-ი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სპეცოპერაციის ჩასატარებლად მზადებაზე

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდო სპეცოპერაციის მზადების შესახებ. უწყება აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

"მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 22 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" აკაკი მინაშვილი, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ გორში, ზუგდიდსა და სხვადასხვა წერტილში სპეცრაზმის მობილიზება ხდება. როგორც მან თქვა, ხელისუფლებას სურს ჩაატაროს სპეცოპერაცია, რაც "კიდევ ერთი სერია იქნება იმ ტიპის საქმეების, რაც იყო "საბურავების საქმე".

ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ზუგდიდში სპეცოპერაცია იგეგმება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კი სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის გააქტიურებას 30 ოქტომბერს დანიშნულ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურს უკავშირებდა. მისი ინფორმაციით, სუს-ის დაახლოებით 30 წარმომადგენელი თბილისიდან მივლენილი იყო ზუგდიდში და დაკავების სპეცოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდნენ.

21 ოქტომბერს, ღამით დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ლექსო რაფავა, დაკავებულია, აგრეთვე, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გიორგი დათიაშვილი. სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს და ლექსო რაფავას დაკავებას უკავშირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის ჭაბუკა რაფავას გადადგომას, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა.

ასევე ნახეთ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალოვან უწყებაში დასაქმებულები შსს-ს დევნაში ადანაშაულებენ