აპლია საუბარზე უარს არ ამბობს, თუმცა, როგორც მან 22 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს სოხუმში უთხრა, გამორიცხულია შეხვედრა თბილისში და თან, „აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის“ საკითხს, მისი თქმით, არა განხილვა, არამედ პირდაპირ აღიარება სჭირდება.
თბილისში შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზება აფხაზმა მღვდელმა იმ წერილის საპასუხოდ მიიღო, რომლის ადრესატებიც რუსეთისა და საქართველოს პატრიარქები არიან.
მღვდელმთავარი ბესარიონ აპლია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დარეგისტრირებული საეკლესიო საბჭოს (АПЦ) თავმჯდომარეა და ამ სტრუქტურას „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას“ ეძახის.
- შეთანხმებულია თუ არა აპლიას მოთხოვნა რუსეთთან?
- რა როლს ასრულებს რუსეთი საქართველოს შემადგენლობიდან ახლა უკვე აფხაზეთის ეკლესიის ჩამოშორებაში?
- რაზე უნდა ელაპარაკოს საქართველოს საპატრიარქო „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ თვითაღიარებულ მეთაურს?
- ვინ არის ბესარიონ აპლია?
რას ითხოვს აფხაზი სასულიერო პირი?
74 წლის მღვდელს, რომელიც ხშირად ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკობს, ახლაც რუსეთის იმედი აქვს. მისი გეგმა ასეთია: ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს და საქართველოს უკანონო ზეგავლენისგან აფხაზეთის ეკლესიის გათავისუფლება რუსეთის ხელით უნდა მოხდეს.
აპლიასთვის სიმართლე ერთადერთია და ამ სიმართლეს, არც მეტი და არც ნაკლები, მისთვის წარმოადგენს რუსეთის პატრიარქ ტიხონის მიერ 1918 წელს წარმოთქმული სიტყვები, რომ „არამართლზომიერია“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოდგენა.
ბესარიონ აპლია „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ამბობს:
- „აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ეს საკითხი - არ შეიძლება ამ ტყუილით ცხოვრება, რომ საქართველოს დაქვემდებარებაში გვეკუთვნის ყოფნა... ეს დანაშაულია - აფხაზეთის ეკლესია არასოდეს ყოფილა საქართველოს საპატრიარქოს შემადგენლობაში“;
- „ამ საკითხს განხილვა კი არა, გამოსწორება ესაჭიროება - უნდა აღვადგინოთ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა რუსეთთან ერთად, რადგან კავკასიაში მართლმადიდებლობის აღდგენა რუსეთის მისიაა“;
- „რუსეთი აქ მოვიდა როგორც დამცველი და განმათავისუფლებელი... მეკითხებიან - რატომ მივისწრაფვით რუსეთისკენ? ვპასუხობ: რუსეთს, საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენთვის აფხაზური ენა არ წაურთმევია“.
ასევე ნახეთ საქართველოს საპატრიარქო აფხაზ მღვდელმსახურს ავტოკეფალიის საკითხზე სასაუბროდ თბილისში იწვევს
ზოგადად ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ შეხვედრაზე უარს არ ამბობს, მაგრამ თბილისში შეხვედრის იდეას, ინტერვიუს მიხედვით, აპლია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თანაც, ის თვლის, რომ ეს საკითხი საქართველოს საპატრიარქოს გადასაწყვეტი არ არის:
„საქართველოს პატრიარქის პასუხი, ვფიქრობ, სასარგებლოა - ვილაპარაკოთო... მაგრამ ეს ლაპარაკი თბილისში არ უნდა შედგეს... მესმის, რომ მათ ასე უნდათ, მაგრამ საკმარისი არ არის, რომ მათ უნდათ... მე მინდა?! თუ ეს მე არ მინდა, ძალას ვერავინ დამატანს“.
უარის მიზეზად მღვდელი ასახელებს იმას, რომ - არ ენდობა ქართველებს და თბილისში ჩამოსვლა არც უსაფრთხოდ მიაჩნია. მას მოსკოვისკენ მიუწევს გული და ფიქრობს, რომ შეხვედრაც მოსკოვში უნდა შედგეს.
თბილისში დაწუნებული ტონი
ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უარის შესახებ თბილისში შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქომ აფხაზეთის მედიაში გავრცელებული ცნობებიდან შეიტყო და აპლიას აგრესიული ტონი და რიტორიკა დაუწუნა. თუმცა დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ აფხაზი მღვდლები ზოგადად შეხვედრის იდეას არ ეწინააღმდეგებიან.
„ის, რომ მთლიანობაში დიალოგზე ისინი თითქოს უარს არ აცხადებენ ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ, ეს მაინც პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს“, - უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, რომელიც ხელს აწერდა ბესარიონ აპლიას პირველი მიმართვის საპასუხოდ დაწერილ წერილს.
ასევე ნახეთ საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას ტონის შერბილებისკენ მოუწოდებსდეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ასევე თქვა:
- „მოლაპარაკებები სად გაიმართება, ამ პირობების დაყენებისგან მათ, ალბათ, თავი უნდა შეიკავონ“;
- „უშუალო დიალოგს ვგულისხმობთ ჩვენ, სხვების ჩარევის გარეშე და ეს ჩვენი დიდი ხნის სურვილიც იყო“.
რაზე შეიძლება ილაპარაკონ ქართველმა და აფხაზმა სასულიერო პირებმა, თუკი სოხუმიდან წამოსული მესიჯებით - მოთხოვნა გადახედვას არ ექვემდებარება?
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ანალიტიკური ჯგუფის წევრი, თეოლოგი ლევან აბაშიძე გვეუბნება, რომ დიალოგი აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო და კარგია, რომ საპატრიარქომ შეცვალა ადრინდელი „ხისტი პოლიტიკა“.
„აპლია ხვდება, ალბათ, რომ, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს ჩვენთან საუბარი - რადგან აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა არცერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული და მათ შორის - არც რუსეთს... ყველა ეუბნება - ეს საკითხი საქართველოსთან გაარკვიეთო...
დიალოგი საჭიროა იმისთვის, რომ აფხაზეთში არ მოხდეს გაუთვალისწინებელი რამ - უხეშად, ჩვენს გარეშე არ შევიდეს ამ ტერიტორიაზე ვინმე... საჭიროა ასევე იმ მრევლზე ზრუნვა, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში... ჩვენ თუ გვესმის, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ეკლესიის მრევლი, ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ...
უნდა ვეცადოთ, უნდა მოველაპარაკოთ რაღაცნაირად, რომ შეუშვან ჩვენი მღვდლები ანდა ჩვენი დაშვებით, ჩვენი ნებართვით შევიდეს ბერძენი მღვდელი... ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ ელემენტარულად, მრევლი სასულიერო პირების გარეშე არ დარჩეს“, - გვეუბნება აბაშიძე.
რა არის მოსალოდნელი რუსეთისგან? შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა ცალმხრივად აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა?
აბაშიძეს ჰგონია, რომ რუსეთს აღიარება ამ შემთხვევაში არ აძლევს ხელს და შესაძლოა, ეს მან მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გააკეთოს:
- „რუსეთი აფხაზეთის ეკლესიის აღიარებით ჩვენ დაგვკარგავს და რაში სჭირდება?! მას ურჩევნია, ჩვენთან ჰქონდეს კავშირი, საქართველოს მთლიან ეკლესიასთან, ვიდრე აფხაზეთი შეიძინოს“;
- „თუ საბაბს მივცემთ, შეიძლება გააკეთოს და ისე რატომ უნდა გააკეთოს?! თუკი ჩვენ ვცნობთ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას და ამ ძალიან სერიოზულ კონფლიქტში ცალსახად თუ დავდგებით მსოფლიო საპატრიარქოს მხარეს, მაშინ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება...“
მიმდინარე პროცესებს ასევე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას უკავშირებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი; თუმცა განსხვავებული კუთხით. ის არ გამორიცხავს, რომ ყველაფერი ხელოვნურად იძაბება, საქართველოს საპატრიარქოსთვის „რელევანტური“ არგუმენტის მისაცემად.
„შესაძლოა, საქართველოს საპატრიარქოს მიზანია, რომ ამ საკითხის წინ წამოწევით რელევანტური ახსნა მოუძებნოს უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარებას - ვითომდა შიდა პრობლემების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობის გამო... ვფიქრობ და ლოგიკური გარე დათვალიერებითაც - სწორედ ეს სცენარია...
ვფიქრობ, ხელოვნურად ხდება პროცესების დაძაბვა, რომ შემდეგ მსოფლიო პატრიარქთანაც იოლად ჰქონდეთ ასახსნელი თბილისიდან - თუ რატომ არ აღიარებენ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას“, - გვეუბნება ტიგინაშვილი.
ექსპერტი არ არის მომხრე იმისა, რომ აფხაზ და ქართველ სასულიერო პირებს შორის პირისპირ დიალოგი დაიწყოს.
ხისტი თუ რბილი?
თეოლოგების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორეხარისხოვანია - იქნება თუ არა ფიზიკურად რუსეთის წარმომადგენელი მოლაპარაკებების მაგიდასთან; რადგან, ფაქტია, რომ ბესარიონ აპლია სწორედ რუსეთის იმედად ცდილობს ისტორიისა და საეკლესიო კანონების გადაწერას.
გიორგი ტიგინაშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ საქართველოს საპატრიარქო აქამდე აფხაზეთთან მიმართებით „ხისტ პოლიტიკას“ ატარებდა. „იქ დატრიალებული საშინელებების“ გათვალისწინებით, თეოლოგი ფიქრობს, რომ - საპატრიარქოს პოზიცია „ზედმეტად რბილი“ უფრო იყო.
„ჩვენი ეკლესია არათუ ხისტია, არამედ ზედმეტად მომთმენი, ლოიალური და ინდიფერენტულია, უკვე დიდი ხანია. როცა ჩვენ ვხედავთ ქართული ტაძრებში - ბედიის, მოქვის, დრანდის, ბიჭვინთის, ილორისა თუ ცხუმის ეკლესიების ქართული კვალის წაშლის პროცესს, რუსულ ყაიდაზე შეცვლილ არქიტექტურას, აოხრებულ საფლავებს - ამის შემდეგ რა მოლაპარაკებებზე შეიძლება იყოს საუბარი?
ჩვენ კანონიკურად გვევალება, რომ ასეთ დამოკიდებულებას გავცეთ შესაბამისი პასუხი და ეს ევქარისტიული კავშირის გაწყვეტასაც გულისხმობს...
მაგრამ საქართველოს ეკლესია, როგორც რუსეთის ეკლესიასთან აფილირებული და სატელიტურად დაკავშირებული, ყოველთვის თავს იკავებდა“, - გვეუბნება ტიგინაშვილი.
ვინ არის აპლია?
ახალგაზრდობაში ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით არაერთხელ ნასამართლევ ბესარიონ აპლიას სხვადასხვა წყარო რუსი კანონიერი ქურდის, „იაპონჩიკას“ (ვიაჩესლავ ივანკოვი) მეგობარს უწოდებს და იმასაც აღნიშნავენ, რომ 2009 წელს, როცა მეგობარი მოუკლეს, აპლია რუსეთში სპეციალური რეისით ჩაფრინდა.
აფხაზი მღვდელი მოსკოვში ამის გარეშეც ხშირად ჩადის. ინტერნეტში იძებნება არაერთი ცნობა მის განსაკუთრებულ კავშირზე რუსეთის პატრიარქთან, კირილთან.
ბესარიონ აპლია კირილს აფხაზური ეკლესიის ეპისკოპოსს უწოდებს და რუსეთში საეკლესიო ჯილდოებიც აქვს მიღებული.
ასევე ნახეთ ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ „ტაძრების დახურვა ეკლესიის დევნას ნიშნავს“2013 წელს რუსეთის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთიდან, აპლიას თხოვნით, სასულიერო პირების დელეგაციასაც უმასპინძლა.
ბესარიონ აპლია მღვდლად 1990 წელს, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ბოლოს პატრიარქი ბესარიონ აპლიას 2004 წელს შეხვდა, სასულიერო პირებს შორის დიალოგის ფარგლებში.
ინტერნეტში იძებნება სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალაც, რომელშიც კათოლიკოს-პატრიარქი აპლიას შევარდნაძის გადადგომისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამბებს უყვება.
ილია მეორე ვიდეოში ამბობს, რომ „აფხაზეთის პრობლემა“ უნდა გადაიჭრას „რუსეთის დახმარებით“, რათა შეიქმნას ნიადაგი „კარგი სამომავლო ურთიერთობებისთვის“.
ამ შეხვედრას ესწრება ამჟამად ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
ქართველ სასულიერო პირებს, 1992-93 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. რუსეთს ამ საკითხის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია.