სენაკის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფია ამბობს, რომ საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტიის ლიდერს ირაკლი ღარიბაშვილს "ფულის კეთების" დაკარგვის შიში ალაპარაკებს. ასე გამოეხმაურა ნაყოფია ღარიბაშვილის იმ კომენტარს, სადაც პრემიერი ამბობდა, რომ ადგილობრივ დონეზე ოპოზიციონერი კანდიდატის არჩევას "პერსპექტივა არ აქვს", რადგან "ცენტრალური მთავრობის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს".
"ეტყობა ძალიან ეშინია, რომ მისი და "ქართული ოცნების" კლანები, მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს სრული გამარჯვება დაფიქსირდება, გამოეცლებათ ფინანსური რესურსები, ვერ შეძლებენ ფულის კეთებას. ადარდებს ის, რომ მისი კლანები ისე ვერ ითარეშებენ და ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვერ ჩააგდებენ საქართველოს", - თქვა ნაყოფიამ.
ღარიბაშვილმა სენაკში მედიასთან მმართველი პარტიის კანდიდატის უპირატესობაზე ხაზგასასმელად თქვა, რომ ნაყოფიას "სახლიც კი არ აქვს სენაკში".
"პრემიერ ღარიბაშვილმა ბევრი რამ არ იცის, ალბათ, ისიც არ იცის, რომ მე აფხაზეთიდან ვარ. დიახაც, მე ნამდვილად მაქვს სახლი აფხაზეთში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ..." - უპასუხა ნაყოფიამ.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიასსენაკში, ისევე როგორც საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტში, მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. პირველ ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ 40,3 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფიამ კი - 42,4 პროცენტი.