ახალი ინიციატივა და ძველი გზავნილი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია და სტრატეგიულ პარტნიორად მოხსენიებულ ქვეყანას თანამშრომლობის ახალი ფორმატი - „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შესთავაზა.

მართალია, თავი აარიდა შეკითხვას - თუ რა სიგნალს უგზავნის რუსეთს რეგიონში სტუმრობით, მაგრამ ამერიკელმა მინისტრმა მოსკოვს თბილისიდან 2008 წლის ომის შემდეგ დაკისრებული ვალდებულებები შეახსენა და არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ექსპერტების შეფასებით, ეს ვიზიტი ამერიკის მკაფიო სიგნალია, როგორც რუსეთისთვის, ასევე ანტიდასავლური ჯგუფებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ამერიკის მიერ რეგიონის "მიტოვებას" ზეიმობდნენ.

ლოიდ ოსტინის ევროპული ტურნე შავი ზღვის აუზის სამ ქვეყანას აერთიანებს. მასპინძელთაგან რუმინეთი უკვე ნატოს წევრია; ხოლო საქართველო და უკრაინა - ჯერ ისევ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე დგანან. აშშ კვლავაც მზად არის დახმარებისთვის; მაგრამ თავდაცვის მინისტრის განცხადებების შინაარსი ექსპერტებს მიანიშნებს, რომ, არასაკმარისი რეფორმების გამო, ნატოში გაწევრიანების კუთხით, ამერიკა საქართველოს ამ ეტაპზე ახალს ვერაფერს ჰპირდება.

ახალი ინიციატივა - საერთო უსაფრთხოებისთვის

ამერიკა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს და შესაბამის მემორანდუმს ორი ქვეყნის მინისტრებმა - ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ 18 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიაწერეს ხელი.

დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, "შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის საკითხებს"; ხოლო მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ეს პროგრამა განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და კვლავაც განავითარებს ნატოსთან თავსებადობას.

„ეს ინიციატივა წინ წასწევს ჩვენს საერთო უსაფრთხოების ინტერესსა და გააძლიერებს პარტნიორობას“ - თქვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

„ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა“ - განაცხადა, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ასევე ნახეთ ლოიდ ოსტინი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე: გვქონდა საშუალება, გვესაუბრა საკითხებზე, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს

შავი ზღვის აუზის ევროპულ ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტი ექსპერტებისთვის თავისთავად მნიშვნელოვანი სიგნალია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ ვიზიტის მარშრუტში მოხვდა.

"ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მიერ ჩვენ აღვიქმებით ევროპული უსაფრთხოების სივრცის ნაწილად; მიუხედავად ბოლოდროინდელი პრობლემებისა, რაც ჩვენი „მონდომებით“ შევქმენით ჩვენს ქვეყანაში, ამერიკელებს იმდენი რესურსი აქვთ ჩადებული საქართველოს განვითარებაში, რომ, ვფიქრობ, თან უჭირთ და თან არც უნდათ ჩვენზე უარის თქმა. ეს ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას GSAC-ის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი.

ასევე ნახეთ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე დასტურია - ჯუანშერ ბურჭულაძე

რის სათქმელად ჩამოვიდა ლოიდ ოსტინი საქართველოში? რას ემსახურება მისი ეს ვიზიტი და უგზავნის თუ არა მესიჯს რუსეთს რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით?

რუსეთისთვის გაგზავნილ მესიჯზე ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას თავდაცვის მინისტრმა თავი აარიდა. მისი პასუხები, ორივე მცდელობაზე, უშუალოდ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცებაზე აქცენტირებით შემოიფარგლა.

„ჩემი ეს ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარებაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი და, რა თქმა უნდა - საერთო ღირებულებები.

ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ვიმეორებ, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღიარებს ჩვენი პარტნიორობის უზარმაზარ ღირებულებას“ - თქვა ლოიდ ოსტინმა.

რას უდრის "3+3" პენტაგონისთვის

ლოიდ ოსტინს კონკრეტული პასუხი აქვს რუსეთის მიერ კავკასიაში მხარდაჭერილ ფორმატთან - „3+3“-თან დაკავშირებით, რომელთან მიერთების შესაძლებლობებზეც გარკვეული საუბრები უკვე საქართველოს ხელისუფლებამაც დაიწყო.

ამ კონტექსტში ამერიკელი მინისტრი რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას შეახსენებს და რეგიონში აშშ-ის გეგმების არსებობასაც უსვამს ხაზს.

„რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ფოკუსირებული უნდა იყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების დაცვაზე, მანამდე, ვიდრე დისკუსიების ახალ პლატფორმებს დაუჭერს მხარს. ჩვენ, ბუნებრივია, სტიმულს ვაძლევთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - ერთად ვიმუშავოთ, გადავწყვიტოთ სადავო საკითხები და გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა“ - ასეთია მისი პასუხი.

ვალერი ჩეჩელაშვილის გვეუბნება, რომ ლოიდ ოსტინის მიერ „3+3“-ისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხების ერთმანეთთან ბმაში მოხსენიება „მოკლე და ნათელი“ მესიჯია თბილისისთვისაც, რომ სტრატეგიული პარტნიორი „საქართველოს ამ ფორმატში ყოფნას არ ემხრობა“.

"ეს იყო მის მიერ მოყვანილი მკაფიო არგუმენტი, რომ - არანაირ სარგებელს არ მოუტანს საქართველოს ოკუპანტთან ერთად რაღაც ფორმატებში შესვლა, რომლებიც მისი გავლენების გაძლიერებას ემსახურება" - გვეუბნება ჩეჩელაშვილი.

ნატო და დემოკრატია

ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს ყველაზე დიდი იმედები ტრადიციულად უკავშირდებოდა აშშ-ს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი ძლიერი გავლენისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანი ინტერესი ამ მხრივ ლოიდ ოსტინის ვიზიტსაც უკავშირდებოდა და განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი მინისტრი, სამ ქვეყანაში სტუმრობის შემდეგ, ჩავა ბრიუსელში, სადაც პირველად მიიღებს მონაწილეობას ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

ასევე ნახეთ ლოიდ ოსტინი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე: გვქონდა საშუალება, გვესაუბრა საკითხებზე, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს

პენტაგონის ხელმძღვანელმა თბილისში თქვა, რომ აშშ კვლავაც მონდომებით დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე სიარულში. თუმცა იქვე კეთდება ექსპერტებისთვის გასაგები მინიშნება, რომ ჯერ სასიკეთო გარღვევას არ უნდა ველოდოთ, რადგან, მათ შორის - პრობლემებია მოსაგვარებელი დემოკრატიის სფეროში.

„ნატოში გაწევრიანების კუთხით წინსვლის მოლოდინის მხრივ, ვფიქრობ, მის ნათქვამში არაფერი ჩანდა. მინისტრის გზავნილებში ჩანდა ის, რომ ვაშინგტონში საჭიროდ თვლიან დამატებით დემოკრატიულ რეფორმებს და აშშ-ის საელჩოს ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს ამაზე...

ამერიკელმა მინისტრმა ზოგადი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ მისი სიტყვები მიანიშნებს, რომ ნატოს გზაზე პროგრესი დამოკიდებული იქნება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე.

დემოკრატიული რეფორმების საჭიროებას ლოიდ ოსტინმა განცხადებებში ხაზი არაერთხელ გაუსვა და ერთგან არჩევნების ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენმა საელჩომ აღრიცხა გარკვეული პრობლემები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით... მაგრამ ჩვენ ასევე გამოვხატეთ რწმენა, რომ საქართველოს აქვს გაუმჯობესების პოტენციალი, დროთა განმავლობაში“ - ამბობს ის.

დღის მეორე ნახევარში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამ ღონისძიებაზე მედია არ იყო დაშვებული და შეხვედრის შემდეგ არც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" და „საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 8 ოქტომბერს, მადრიდში ყოფნისას განაცხადა რომ ნატოს ლიდერების მომავალი სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს ესპანეთში გაიმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა რეგიონში "მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას" ისახავს მიზნად და რომ ყურადღება გამახვილდა "ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე“.