აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 3+3 ფორმატზე: ჯობს რუსეთმა პატივი სცეს ვალდებულებებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგასთან შეხვდერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კითხვაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონტექსტში რუსეთის როლს და, კერძოდ, 3+3 ფორმატს შეეხებოდა, განაცხადა, რომ ჯობს რუსეთმა ნაკისრ ვალდებულებებს სცეს პატივი.

„რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორის 20 პროცენტი, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 8 ოქტომბერს „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციის შესახებ. მან იგულისხმა ფორმატი კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

ასევე ნახეთ ზალკალიანი ლაპარაკობს 3+3 ფორმატში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. უწყების ინფორმაციით, მინისტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუს დროს არ უთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი.

ტელეარხ „როსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა თანამშრომლობას ფორმატით 3+3, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ახსენა მათი ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მაგრამ რომელიც მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, როგორც ფორმატის იდეა, 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

მალევე, 25 იანვარს, აზერბაიჯანს ესტუმრა ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, სწორედ 3+3 ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობა, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა საქართველოდან დაიწყო ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. ლოიდ ოსტინი უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ

ასევე ნახეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ახალი ინიციატივა ცვლის